გია ვოლსკი - არჩილ თალაკვაძე ვიცე-სპიკერის რანგში ეფექტური მებრძოლი იქნება
არჩილ თალაკვაძე არის გუნდის აქტიური წევრი და ლიდერი, რომელიც იყო ბარიერის ერთ მხარეს და „ქართული ოცნების“ ინტერესებს იცავდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„რომ დავუფიქრდეთ, ამავე ადამიანს უხერხულობა შეექმნება, როცა მებრძოლი გუნდის პოზიციიდან არბიტრის პოზიციაზე გადავა. აბსოლუტურად გასაგებია ამ გადანაცვლების აუცილებლობა. კახა კუჭავა რეგლამენტს გაჰყვება, ამ საკითხებს გაცილებით უფრო ინტენსიურად მიაქცევს ყურადღებას. არჩილ თალაკვაძეს რეგლამენტის იქით არანაირი რესურსი არ ექნებოდა, რომ დაეჭირა ამ საკითხებთან რომელიმე მხარის პოზიცია, როცა დეპუტატები კამათობენ. გარდა იმისა, რომ არბიტრი უფრო ნეიტრალური უნდა იყოს, იმ ბრძოლაში არ უნდა ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული, რომელიც შეთანხმებით დასრულდა. მაგრამ არბიტრისთვის ეს ვერ არის შესაბამისობაში. კიდევ ერთი თემა არსებობს – არჩილ თალაკვაძე ვიცე-სპიკერის რანგში ეფექტური მებრძოლი იქნება. რა საკვირველია, დარბაზში მისი ეფექტურობა თვალსაჩინო იქნება“,- განაცხადა ვოლსკიმ.