გია ვოლსკი - არჩევნებზე პროფესიონალური დაკვირვება დისტანციითაც შეიძლება
პროფესიონალური დაკვირვება დისტანციითაც შეიძლება, მაგრამ მნიშვნელოვანია, ინფორმაცია გაანალიზდეს და სრულად იქნას გაფილტრული, რათა ჩვენი ოპონენტებისათვის ჩვეული სიცრუე არ გაიპაროს რომელიმე მოხსენებაში,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ორგანიზაცია 2020 წლის არჩევნებზე საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოგზავნის.
გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიცია ყველანაირად შეეცდება საერთაშორისო დამკვირვებლებს დეზინფორმაცია მიაწოდოს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, მოხდეს ინფორმაციის გაანალიზება, რათა მოხსენებებში სიცრუე არ გაიპაროს.
„წინასაარჩევნო პერიოდში სხვა მიმართულება არ არსებობს. არსებობს მედია, წინასაარჩევნო კამპანია და ხელისუფლების მოქმედებები. სხვა დასაკვირვებელი არც არაფერი არის. ფაქტია, მედიის თავისუფლების რეიტინგში საქართველო არის მოწინავე ადგილებზე მსოფლიოში, ისევე როგორც სხვა მიმართულებებით, რაც რეალურად, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს ჩვენს ოპონენტებს. ყველაფერს შეეცდებიან, რათა დეზინფორმაცია მიაწოდონ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს. პროფესიონალური დაკვირვება დისტანციითაც შეიძლება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია გაანალიზდეს და სრულად იქნას გაფილტრული, რათა ჩვენი ოპონენტებისათვის ჩვეული სიცრუე არ გაიპაროს რომელიმე მოხსენებაში“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.