გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, „ენდიაიმ“ გადაწყვიტა, ოქტომბრის არჩევნებისთვის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია არ გამოგზავნოს, თუმცა პროცესს დისტანციურად დააკვირდება
გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, „ენდიაიმ“ გადაწყვიტა, ოქტომბრის არჩევნებისთვის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია არ გამოგზავნოს, თუმცა პროცესს დისტანციურად დააკვირდება

გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, „ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ გადაწყვიტა, ოქტომბრის არჩევნებისთვის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია არ გამოგზავნოს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „ენდიაი“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინმსწრებ და თანმდევ პროცესებს დისტანციურად დააკვირდება.

ორგანიზაციის ანალიტიკოსები, საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით, დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ და „ენდიაის“ წინასაარჩევნო ანგარიშში ასახული მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დააკვირდებიან.

„წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დეტალურ ანგარიშზე დაყრდნობით, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი გეგმავს, ყურადღებით შეისწავლოს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინმსწრები და თანმდევი პროცესები. „ენდიაი“ გააგრძელებს არჩევნებზე დაკვირვებას და ამ პროცესში, საქართველოში მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას, „ენდიაის“ პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ხელმძღვანელობით ვირტუალურად ჩატარებულ წინასაარჩევნო ანალიზსა და საერთაშორისოდ აღიარებულ სადამკვირვებლო სტანდარტებს დაეყრდნობა.

ამასთან, „ენდიაი“, ტრადიციულად, მჭიდროდ ითანამშრომლებს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან. სექტემბრის პირველი ნახევრიდან „ენდიაის“ გრძელვადიანი ანალიტიკოსების მისია მუშაობას შეუდგება ისეთ საკვანძო საარჩევნო საკითხებზე, როგორიცაა: საარჩევნო ადმინისტრაცია, პოლიტიკური კამპანიები, გენდერი და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა, მედია და დეზინფორმაცია.

გრძელვადიანი ანალიტიკოსები, საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით, დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ და „ენდიაის“ წინასაარჩევნო ანგარიშში ასახული მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და სხვა მიმდინარე საკითხებს დააკვირდებიან. „ენდიაი“ გამოსცემს შუალედურ ანგარიშს, რომელიც წინასაარჩევნო ანალიზსა და ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მიღებულ ინფორმაციას დაეფუძნება.

არჩევნებიდან რამდენიმე დღეში „ენდიაი“ მესამე ანგარიშს გამოსცემს, რომელიც არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ვირტუალურ რეჟიმში „ენდიაის“ პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ხელმძღვანელობით გამართულ მაღალი დონის შეხვედრებს დაეყრდნობა.

საარჩევნო ანგარიშში მთლიანი საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა იქნება ასახული (კამპანიის პერიოდისა და არჩევნების დღის ჩათვლით) და საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მედიის, დამკვირვებელთა ჯგუფების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაეფუძნება. საბოლოო ანგარიშში ასევე, ასახული იქნება „ენდიაის“გრძელვადიან ანალიტიკოსთა შეფასებები და ის მონაცემები, რომლებსაც „ენდიაი“ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან მოიპოვებს. „ენდიაი“ მჭიდროდ ითანამშრომლებს საერთაშორისო პარტნიორებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და ადგილობრივ დამკვირვებლებთან“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

„ენდიაი“ მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას იმ ნაბიჯებისთვის, რომელიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების საქართველოში ჩამოსაყვანად გადაიდგა.

„გვსურს, განსაკუთრებულად აღვნიშნოთ და პოზიტიურად შევაფასოთ ქართველი ხალხისა და ხელისუფლების მიერ „კოვიდ-19“-ის პანდემიის შესაკავებლად გაწეული ძალისხმევა. ასევე, მადლობას ვუხდით არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს „ენდიაის“ვირტუალურად ჩატარებული წინასაარჩევნო შეფასების გუნდთან თანამშრომლობისთვის. ამასთანავე, აღვნიშნავთ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მისიის ჩამოყვანასთან დაკავშირებული რისკები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული.

გლობალური პანდემია კვლავ არ ექვემდებარება კონტროლს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. სწორედ არსებული საერთაშორისო მდგომარეობის გათვალისწინებით და სადამკვირვებლო მისიის ჩამოყვანის რისკებიდან გამომდინარე, ასევე არსებულ გარემოში პარტნიორებისა და საკუთარი ორგანიზაციის ამ რისკებთან გამკლავების შესაძლებლობის გათვალისწინებით, „ენდიაიმ“ გადაწყვიტა, არ გამოგზავნოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ოქტომბრის არჩევნებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ მზაობას გამოთქვამს, დააკვირდეს, გააანალიზოს და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს არჩევნების პროცესის სანდოობასთან, გამჭვირვალეობასთან და წარმომადგენლობითობასთან დაკავშირებით.

„მიუხედავად იმისა, რომ „ენდიაიმ“აღნიშნული გადაწყვეტილება არასახარბიელო გლობალური ვითარების გამო მიიღო, ინსტიტუტი დარწმუნებულია, რომ მისი არჩევნების ხელშეწყობის პროგრამა – საქართველოში და მის გარეთ მყოფ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით – საკმარისი იქნება 31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ინფორმირებული დასკვნების გამოსატანად.

„ენდიაი“ მადლობას უხდის ქართველ ხალხს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მხარდასაჭერად 25 წლიანი პარტნიორობისთვის. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ მომავალ არჩევნებში მონაწილე ყველა მხარეს და მოუთმენლად ველოდებით გლობალური ჯანდაცვის მდგომარეობის გამოსწორებას, რათა ისევ მოგვეცეს ჩვეული საერთაშორისო ჩართულობის შესაძლებლობა“, – ნათქვამია განცხადებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.