გია ვოლსკი - არავინ უნდა ელოდოს, რომ რუსეთი რაღაც სენტიმენტების, აღიარებისა და თავზე ნაცრის დაყრის შინაარსით გამოგზავნიდა პასუხს
გია ვოლსკი - არავინ უნდა ელოდოს, რომ რუსეთი რაღაც სენტიმენტების, აღიარებისა და თავზე ნაცრის დაყრის შინაარსით გამოგზავნიდა პასუხს

არავინ უნდა ელოდოს, რომ რუსეთი რაღაც სენტიმენტების, აღიარებისა და თავზე ნაცრის დაყრის შინაარსით გამოგზავნიდა პასუხს – ამის შესახებ პირველ არხს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საპასუხო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, რუსეთის პოლიტიკა და მიდგომაა, რომ შექმნილ ვითარებაში გადამწყვეტი დე ფაქტო ხელისუფლებები არიან.

„რუსეთის ეს პოზიცია ახალი არ არის, რაც საპასუხო წერილშიც აისახა. იმის მოლოდინი არასოდეს არ გვქონია, რომ რუსეთი თავის წერილში იტყოდა, რომ დიახაც, სიტუაციას თვითონ განაგებს და სადავეები თავად უჭირავს ხელში. ჩვენი პოზიცია განპირობებულია მსოფლიოში შექმნილი ვითარებით და იმ საქმეებით, რასაც ასეთ ვითარებაში რუსეთი წარმოადგენს და თუნდაც, საქართველოსთან მიმართებაში. ისიც უნდა ვიფიქროთ, რომ თუკი საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს ქართულ-რუსული ურთიერთობების მოგვარებას უჭერს, ეს განპირობებული არ არის რაიმე სენტიმენტებით, რეალურად, ეს არის საფრთხის პრევენციისა და კონფლიქტების მოგვარების სურვილი.

როცა პრემიერ-მინისტრი რუსეთს მიმართავს, ეს ნიშნავს იმას, რომ 1000 კილომეტრია გასავლელი თუ ერთი კილომეტრი, პირველი ნაბიჯები აუცილებლად გადასადგმელია, თუმცა ჩვენს პოლიტიკაში არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, მკაფიო გახდა ის კონტურები და მიმართულებები, რასაც ვთავაზობთ არა მხოლოდ რუსეთს, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

დეპუტატი პრემიერ-მინისტრის მიმართვასთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„რუსეთის პოზიციის ადვოკატები არ ვართ და შეფასება, რომ პრემიერის საპასუხოდ ცინიკური განცხადება ვიხილეთ, არასწორია. ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული შეფასებაა. პრემიერი ისეთ ფორმატებს სთავაზობთ, რაც სახელმწიფოს სჭირდება და რა საკვირველია, რუსეთი თავის ინტერესებს არასდროს დათმობს, მაგრამ ჩვენი პოლიტიკა მკაფიოა და თუკი ჟენევის ფორმატის დონის ამაღლება მოხდება, ეს ჩვენს ინტერესებშია. არავინ უნდა ელოდოს იმას, რომ რუსეთი რაღაც სენტიმენტების, აღიარებისა და თავზე ნაცრის დაყრის შინაარსით რაიმე პასუხს გამოგზავნიდა. უზნეობაა ის, რომ პრემიერის პოზიცია რუსეთის პასუხის შინაარსიდან გამომდინარე შეაფასო“, – დასძინა ვოლსკიმ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას გუშინ უპასუხა. როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მოსკოვში პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებას ყურადღებით გაეცნენ და კმაყოფილებას გამოხატავენ მიმართვაში გამოთქმულ განწყობებთან დაკავშირებით.