გია ვოლსკი - არავინ იფიქროს, რომ რადიკალურ ოპოზიციას სტატუსის მიღება სურს, სტატუსის მონიჭებით „ნაცმოძრაობა“, პრაქტიკულად, განიარაღებული რჩება
არავინ იფიქროს, რომ რადიკალურ ოპოზიციას უნდა, საქართველომ სტატუსი მიიღოს. პრაქტიკულად, სტატუსის მიღებით „ნაცმოძრაობა“ განიარაღებული რჩება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით ოპოზიციის მთავარი გეგმა იშლება.
„არავინ ელოდებოდა, რომ რადიკალური ოპოზიციის ფლანგზე ისტერია გაჩერდებოდა, სრული ისტერიკა აქვთ. მილიონები დახარჯეს იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო და ეს დესტაბილიზაციის წინაპირობა გამხდარიყო. მათი მთავარი ნარატივია, რომ რუსეთს საქართველოს ხელისუფლებაზე აქვს გავლენა. არავითარ დათქმაზე ლაპარაკი არ არის. ყველა შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ჩაატარეს, ამ საკითხებთან მიმართებით კონკრეტული მსჯელობა იყო. ახალი ნარატივი გამოჩნდა, თითქოს, „ქართულ ოცნებას“ არ უნდა, საქართველომ სტატუსი მიიღოს. არავინ არც იფიქროს, რომ ევროკავშირს შეუძლია, კანდიდატის სტატუსი შემოგვთავაზოს იმის სანაცვლოდ, რომ ქვეყანა ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით დაინგრეს.
რაც შეეხება დათქმებს, იმას დათქმა არ სჭირდება, რომ არჩევნები ნორმალურად და საერთაშორისო სტანდარტით უნდა ჩატარდეს, რომელიც ევროპულ ქვეყანას შეეფერება, ასეთი იყო წინა არჩევნებიც. სამადაშვილის, ხაბეიშვილისა და ზურაბიშვილის ფორმულა, რომ კანდიდატის სტატუსი ხალხს ეკუთვნის და არა – მთავრობას, არის მინიშნება, მითითება, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიეცეს, რადგან მთავარი გეგმა იშლება, რასაც დესტაბილიზაცია ჰქვია და რასაც უნდა მოჰყვეს შეჯახებების, მძიმე პროცესების განვითარება. როგორც ჩანს, ამაზე უარის თქმას არ აპირებენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.