გია ვოლსკი - არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ სამშვიდობო პოლიტიკას საოკუპაციო რეჟიმი ტაშით შეხვდება, მაგრამ წინ უნდა გავიხედოთ
გია ვოლსკი - არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ სამშვიდობო პოლიტიკას საოკუპაციო რეჟიმი ტაშით შეხვდება, მაგრამ წინ უნდა გავიხედოთ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა  უახლოეს მომავალში დაიწყება.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი ახალ სამშვიდობო ინიციატივასთან  – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“  დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლება სწორი მიმართულებით მიდის.

„მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის დღის წესრიგით ცხოვრებას თავი დავანებოთ. ძალიან სწორი მიმართულება გვაქვს, რაც იმ განცხადებაში გამოიხატება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ყველაფერს ხელი უნდა შევუწყოთ, რაც საზოგადოებებს საშუალებებს მისცემთ დაახლოვდნენ, ურთიერთობები გაძლიერდეს და საქართველოს მთელი ტერიტორია იმ ადგილად იქცეს, სადაც აფხაზებსა და ოსებს საშუალება ექნებათ, ბიზნესი აკეთონ, ისწავლონ, ყველა სახის მომსახურება მიიღონ.

მოლოდინი იმის, რომ ამას ან საოკუპაციო რეჟიმი, ან დე ფაქტო ხელისუფლება, ან საზოგადოების გარკვეული ნაწილი დიდი აღფრთოვანებით და ტაშის გრიალით შეხვდება, რასაკვირველია, არ უნდა გვქონდეს, მაგრამ წინ უნდა გავიხედოთ და არავითარ შემთხვევაში  არ უნდა დავიხიოთ იმ პოზიციებისკენ,  რომელიც თავის დროზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოგვთავაზა და რომელმაც, ომამდე და ტერიტორიების ოკუპაციამდე მიგვიყვანა“, – დასძინა ვოლსკიმ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა –  „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა, რომელიც სამ მიმართულებას გულისხმობს: პირველი მიმართულება – ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით;  მეორე მიმართულება – ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;  მესამე მიმართულება კი, ისეთი მექანიზმის შექმნაა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა – ეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება.