გია ვოლსკი - ევროპარლამენტის რეზოლუციაში მომზადებული შესწორებები უტიფარ ფორმულირებებს მოიცავს, არ შეიძლება, ბიუჯეტის ქურდს მედიამენეჯერი, ხოლო მეცენატს ოლიგარქი უწოდო
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში მომზადებული შესწორებები უტიფარ ფორმულირებებს მოიცავს.
მისი თქმით, არ შეიძლება, ერთი მხრივ, ბიუჯეტის ქურდს უწოდო მედიამენეჯერი და მეორე მხრივ, ადამიანს, რომელიც ყველა თავის ნიშნით მეცენატია, უწოდო ოლიგარქი.
„ადამიანების ჯგუფი, რომელიც სთავაზობს ასეთ უტიფარ ფორმულირებას ევროპარლამენტის რეზოლუციაში, არ უფიქრდება მთავარ გარემოებებს, რომელიც საქართველოშია შექმნილი. პირველი ის, რომ რეალობა სხვა არის და არ შეიძლება, ერთი მხრივ, ბიუჯეტის ქურდს უწოდო მედიამენეჯერი და მეორე მხრივ, ადამიანს, რომელიც ყველა თავის ნიშნით მეცენატია, უწოდო ოლიგარქი. ეს იმდენად აშკარაა საზოგადოებისთვის, რომ მთავარ საფრთხეს უქმნის ჩვენს საგარეო პოლიტიკას, საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში რა პოზიციაც აქვს სახელმწიფოს, მთავრობას, ანუ ევროინტეგრაციის პროცესს ეჭვის ქვეშ აყენებს. დისკრედიტაციას უკეთებს თავად ევროპის შინაარსს, არსს, დემოკრატიულობას. ვფიქრობ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ კუბილიუსი და მისი პრემიერობის დროს, თავდაცვის მინისტრი იუკნევიჩიანე არ არის ევროპარლამენტი, არ არის ევროდამოკიდებულება და არ არის ევროპის სტანდარტი, რომელსაც შეიძლება შეფასება მივცეთ. ეს შეხსენება ხშირად უნდა გავაკეთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი საგარეო კურსი საზოგადოებაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ალბათ უსაფუძვლო ყველაზე რბილი შეფასებაა. ეს არის უტიფარი ფორმულირებები, რომელიც უნდათ, რომ ამ რეზოლუციაში მოხვდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.