გია ვოლსკი - არ მგონია, რუს ჟურნალისტებს ჰქონდეთ რესურსი, ჩვენს საზოგადოებას ტვინი გამოურეცხონ
აღმოჩენა არ არის ჩვენთვის, რომ რუსი ჟურნალისტები ან პოლიტიკოსები ფიქრობენ ისე, როგორც ჩვენ არ ვფიქრობთ, – ამის შესახებ რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით თბილისში მიმდინარე მედიაფორუმთან „მედიის როლი რეგიონში ნდობის აღდგენის საქმეში“ დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი შეფასებით, მსგავს პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჟურნალისტებს ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედების რესურსი არ აქვთ და მათი საუბარი საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებასა და საზოგადოების ცნობიერებაში არაფერს ცვლის.
„რუსეთის ხელისუფლების ფულით არის დაფინანსებული ყველა ფონდი და მით უმეტეს, ასეთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჟურნალისტებს აფინანსებს, მაგრამ არ მგონია, მათ რამე რესურსი აქვთ, ჩვენს საზოგადოებას ტვინი გამოურეცხონ. ერთადერთი, ვისაც პოლიტიკური სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ამ ჩამოსვლიდან, სკანდალური კითხვებიდან და პასუხებიდან არის „ნაციონალური მოძრაობა“. თუმცა არ მგონია, მათაც გაიმარჯვონ ამ თემის წამოწევაში. თბილისში ჩამოსვლის გარეშეც ვიცით მათი პოზიცია და მათი საუბარი არაფერს ცვლის საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებაში, მთავრობის საგარეო პოლიტიკაში ან საზოგადოების ცნობიერებაში, რომ საქართველოში მოხდა რუსეთის აგრესია და ოკუპაცია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
თბილისში სახელწოდებით – „მედიის როლი რეგიონში ნდობის აღდგენის საქმეში“ ფორუმი მიმდინარეობს, როელშიც მონაწილეობენ ჟურნალისტები და ბლოგერები რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან. ღონისძიება რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდის მიერ ფინანსდება.
დღეს დილიდან სასტუმრო „ვერე პალასთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წევრებისა და სამოქალაქო მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ წარმომადგენლები აქცია-პერფორმანსს მართავენ. ისინი რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით მედიაფორუმის საქართველოში გამართვას აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ღონისძიება რუსული პროპაგანდის გატარებას ემსახურება.