„რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი კლავს“ - აქცია-პერფორმანსი პუტინის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაფორუმის წინააღმდეგ [ფოტო/ვიდეო]

სასტუმრო „ვერე პალასთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წევრებისა და სამოქალაქო მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ წარმომადგენლები აქციას მართავენ.

ისინი რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით მედიაფორუმის საქართველოში გამართვას აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ღონისძიება რუსული პროპაგანდის გატარებას ემსახურება.

„რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი კლავს“, – ამ სიტყვებით მიმართა საპროტესტო აქციის მონაწილემ სამხრეთ კავკასიის ფორუმის მონაწილეს, რუს ჟურნალისტ დიმიტრი კოსირევს.

სამოქალაქო მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ წარმომადგენლები ადგილზე თეატრალიზებულ პერფორმანსს მართავენ, რომელიც მათი თქმით, არის ხელისუფლების გაშარჟებული გამოხატულება, თუ როგორ ხვდება პუტინის პოლიტიკის გამტარებელ ხალხს.

მედიაფორუმი ოფიციალურად ერთ საათში გაიხსნება. ადგილზე, უსაფრთხოების მიზნით, მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ღონისძიება რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდის მიერ ფინანსდება. ფორუმში, სახელწოდებით „მედიის როლი რეგიონში ნდობის აღდგენის საქმეში“ მონაწილეობას იღებენ ჟურნალისტები და ბლოგერები რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან.

შეგახსენებთ, რომ დელეგაციის სამი წევრი, ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო, საქართველოში გუშინ არ შემოუშვეს, დაგეგმილი პანელი კი მოდერატორის მოსკოვში უკან გაბრუნების გამო ვეღარ ჩატარდა.

მედიაფორუმის ერთ-ერთი ორგანიზატორი ორგანიზაციის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფორუმზე განიხილავენ ამჟამინდელ ტენდენციებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მედიების საქმიანობაში და ასევე – მედიის როლს კონფლიქტების მოგვარებასა და რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებაში.

მედიაფორუმის ორგანიზატორები რუსეთის პოლიტიკური ცენტრი „ჩრდილოეთი-სამხრეთი“, პრესკლუბი „სოდრუზესტოვო“ და გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ არიან.