გია ვოლსკი - არ მგონია, ანა დოლიძემ სწორი შეფასება გააკეთა, როდესაც თქვა, რომ ჩარჩენილი ვარ, თვითონ კი, 21-ე საუკუნის ადამიანია
ანა დოლიძე კარგი განათლების მქონე, თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანია, თუმცა ვფიქრობ, სწორი შეხედულებები არ აქვს, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ანა დოლიძის განცხადებას, სადაც ის ორგანიზაცია „ხალხისთვის“ დამფუძნებელმა დღევანდელი რეალობის მუხტის არმქონე ადამიანად მოიხსენია.
„გინდა, ჩემს პიროვნებასთან დაკავშირებით, გინდაც იმ საქმიანობაზე, რაც ჩვენი ხელისუფლების პირობებში განხორციელდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში. შეიძლება, როგორც პიროვნება დადებითად დავახასიათო, მაგრამ წარმატებას ვერ ვუსურვებ, რადგან რაიონისა და სახელმწიფოს განვითარების თაობაზე მისი შეხედულებები მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, როგორც ვხედავ მომავალს. არ მგონია, სწორი შეფასება გააკეთა, თითქოს თავად არის 21-ე საუკუნე და მე ადამიანი, რომელიც უშუალო მონაწილეობას ვიღებდი ახალი საელჩოების გახსნაში ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, საქართველოს პირველი ნაბიჯების ორგანიზებაში საერთაშორისო ასპარეზზე ჩამორჩენილი ვარ. არჩევნები ყველაფერს გვიჩვენებსარჩევნები ყველაფერს გვიჩვენებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ორგანიზაცია „ხალხისთვის“ დამფუძნებელმა, ანა დოლიძემ 29 ივნისს განაცხადა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.
„ვერ დავუტოვებ საქართველოს გია ვოლსკის და მის ამფსონებს. ადამიანს, რომელსაც არავითარი შესაძლებლობა არ აქვს აქციოს ეს რაიონი ქალაქის ეკონომიკურ-კულტურულ ეპიცენტრად, უპასუხოს 21-ე საუკუნის გამოწვევებს და საჭირო ახალი მუხტი მისცეს ჩვენ ქვეყანას. ან დავრჩებით ვოლსკისთან ერთად ფარნიანი ტელეფონის ეპოქაში ან შევალთ 21-ე საუკუნეში“, – განაცხადა დოლიძემ.