გია ვოლსკი - არ დარჩა არც ერთი საერთაშორისო ფორუმი, სადაც რუსეთის მიმართ კონკრეტულ ზომებს არ იღებენ მისი აგრესიული პოლიტიკის გამო
არ დარჩა არც ერთი საერთაშორისო ფორუმი, სადაც რუსეთს არათუ მხოლოდ უთითებენ, არამედ კონკრეტულ ზომებსაც იღებენ აგრესიული პოლიტიკის გამო, რომელსაც ის არა მარტო საქართველოს მიმართ ეწევა. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი საერთო ძალისხმევა გამოიღებს შედეგს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ხშირად უწევს განცხადებების კეთება, პოლიტიკური დემარშები და საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება იმისთვის, რომ რუსეთმა კიდევ ერთხელ გადაიხადოს პოლიტიკური და ეკონომიკური ფასი.
„სამწუხაროდ, გახელაძის ფაქტი არ არის ერთადერთი. არ გადის მცირე პერიოდიც კი, რომ მთავრობას არ უწევდეს განცხადებების კეთება, პოლიტიკური დემარშები და საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება იმისთვის, რომ რუსეთმა კიდევ ერთხელ გადაიხადოს პოლიტიკური და ეკონომიკური ფასი. გახელაძეც მათ შორის არის, რომელსაც რუსეთის საოკუპაციო ძალები დღეს ამყოფებენ ტყვეობაში. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი განცხადებაც გაკეთდა და მოქმედებები კონკრეტულად განსაკუთრებულად დიპლომატიურ ასპარეზზე არის ინტენსიური და საკმაოდ ხისტი. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პოზიცია. არც ერთი საერთაშორისო ფორუმი არ დარჩა, სადაც რუსეთს არათუ მხოლოდ უთითებენ, არამედ კონკრეტულ ზომებსაც იღებენ მის მიმართ აგრესიული პოლიტიკის გამო, რომელსაც ის არა მარტო საქართველოს მიმართ ეწევა. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი საერთო ძალისხმევა გამოიღებს შედეგს.
მინდა შეგახსენოთ, რომ პოლიტიკური ძალები, რომლებმაც ჩაშალეს მოლაპარაკებები, იგნორირება გაუკეთეს ევროკავშირისა და ამერიკის მიერ ჩამოყალიბებულ სამშვიდობო გეგმას, რომლებმაც ხალხი მიატოვეს კონფლიქტის არეალში, რომლებმაც არ მიმართეს უშიშროების საბჭოს, რომლებიც 8 აგვისტომდე გვარწმუნებდნენ, რომ რუსეთის ფედერაცია ომში არ იღებს მონაწილეობას, რომლებიც ხელს აწერენ იმ რეზოლუციას, სადაც საქართველო დამნაშავედ არის გამოყვანილი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების გამო, დღეს აკეთებენ ხმამაღალ განცხადებებს და უნდათ, რომ გახელაძის თემიდან მიიღონ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდი. ეს არის უზნეობა და უტიფარი პოზიცია იმ ადამიანებისა, ვინც პირდაპირ დამნაშავეები არიან იმ ოკუპაციაში, რაც რუსეთმა მოახერხა და ჩაიდინა როგორც კაცობრიობის, ისე საქართველოს წინაშე. ეს არის ის რეალობა, რაც დღეს გვაქვს“, – განაცხადა ვოლსკი.