გია ვოლსკი - არ არსებობს პერსპექტივა, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებულ ე.წ. შავ სიას საერთაშორისო სანქციების ფორმა მიეცეს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, არ არსებობს პერსპექტივა, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებულ ე.წ. შავ სიას საერთაშორისო სანქციების ფორმა მიეცეს.
ვოლსკის თქმით, აგრესიული პოზიციის დაკავება სიაზე მომუშავე ოპოზიციის წარმომადგენლების სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
„არ არსებობს პერსპექტივა იმისა, რომ, როგორც თვითონ ამბობენ, ამ სიას საერთაშორისო სანქციების ფორმა დაედოს. უბრალოდ, ლუსტრაცია ხდება იმ ხასიათის, რომელიც ამ დესტრუქციულ ძალას აქვს. ბევრი მიმართულებით გამოავლინეს თავისი თავი და ახლა აგრესიული პიზიციის დაკავება მათი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
ვოლკის განმარტებით, ასეთი სიები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც არსებობდა.
„დარწმუნებული იყავით, რომ ეს სიები არსებობდა მაშინაც, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და ახლაც არსებობს საკმაოდ ვრცელი სია. საკუთარი სურვილების რეალიზაციის შესაძლებლობა როგორც კი მიეცემათ, ნებისმიერ ადამიანს კვლავ დაუბრუნდებიან, კვლავ განათავსებენ საპყრობილეში, შეურაცხყოფენ და წაართმევენ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებიც შეიძლება, ამ სიაში მოხვდნენ, ეს არის ზოგადად ხასიათი ამ პოლიტიკური ძალის და მასთან გაერთიანებული ძალების“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ე.წ. შავი სია ძირითადად სამი მიმართულებით მუშავდება და ის ეხება: „პოლიტიკოსებს, რომლებიც მართლმსაჯულების გაყალბებასა და პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში იქნებიან მხილებულნი“, მოსამართლეს, პროკურორს, თუ გამომძიებელს, რომლებიც „გაყალბებაში, საქმეების შეკერვასა და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში არიან მხილებულნი“, ასევე, სიაში წარმოდგენილი იქნებიან „პოლიტიკური დევნის, შანტაჟისა და მართლმსაჯულების მსხვერპლნი – დაპატიმრებული თუ სხვა მხრივ რეპრესირებული ადამიანები“.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების სპეციალურმა კომისიამ ორი დღის წინ გამართულ შეხვედრაზე ე.წ. შავი სიის ხუთეული შეათანხმა. ოპოზიცია აანონსებს, რომ სიის პირველი ათეული უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.