გია ვოლსკი - არ არსებობს მექანიზმი, რომელიც უარყოფს საერთაშორისო შეფასებებს, რომ ჩვენი სასამართლო მიუკერძოებელია
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად ღირსეული კადრები უნდა შეირჩნენ, აღნიშნული პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ამასთან, როგორც მან დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით აღნიშნა, სასამართლო კლანის თემა პოლიტიზებულია.
„უზენაეს სასამართლოში მოსახვედრად ღირსეული კადრები უნდა იყოს შერჩეული. ეს პროცესი მიმდინარეობს, რომელიც გამჭვირვალეა. ამ საკითხებზე პარლამენტში სერიოზული დებატებია მოსალოდნელი. კლანის თემა მნიშვნელოვნად პოლიტიზებულია, რადგან მოსამართლეთა გარკვეულმა ჯგუფმა ის პერიოდი გამოიარა, სადაც მართლმსაჯულებას სააკაშვილი განაპირობებდა. ამ შემთხვევაში, ადვილად შესატევ სამიზნედ იქცნენ გარკვეული პირები. საქართველოს არ აქვს ისეთი რესურსი და მექანიზმი, რომ სასამართლო მთლიანად დაშალოს და ახალი სასამართლო შექმნას“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.
მისი თქმით, არ არსებობს მექანიზმი, რომელიც უარყოფს საერთაშორისო შეფასებებს, რომ საქართველოს სასამართლო მიუკერძოებელია.
„ისეთი მექანიზმი არ არსებობს, რომელიც საერთაშორისო შეფასებებს უარყოფს, რომ ჩვენი სასამართლო მიუკერძოებელია და დამოუკიდებლობის ხარისხით ევროპაში ერთ-ერთი მოწინავეა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
მიმდინარე წლის 4 ივნისს დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა საქართველოს პარლამენტს რეზოლუციის პროექტით მიმართა, რომელიც მათ ინფორმაციით, „მიზნად ისახავს სასამართლოში არსებული კლანური მმართველობის შეფასებას და ამ პრობლემის დაძლევის მიზნით საჭირო საკანონმდებლო ღონისძიებების დაგეგმვას“. რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა რვა პოლიტიკურმა ჯგუფმა და შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. აღნიშნულთან დაკავშირებით, დამოუკიდებელი დეპუტატების ჯგუფთან თანამშრომლობით დღეს საქართველოს პარლამენტში შეხვედრა გაიმართა.