გია ვოლსკი - მთავრობაში ამ ეტაპზე არავითარი გადანაცვლებები არ იგეგმება
გია ვოლსკი - მთავრობაში ამ ეტაპზე არავითარი გადანაცვლებები არ იგეგმება

არავითარი გადანაცვლებები ამ ეტაპზე არ იგეგმება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა ჟურნალისტებს კითხვაზე, რომელიც შესაძლო სამთავრობო ცვლილებებს ეხებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, თანამდებობა დატოვოს, ასევე პრემიერის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძე ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ჩაანაცვლოს.

ვოლსკის თქმით, საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციები სულ მცირე, თვეში ერთხელ მაინც ვრცელდება და თუ მსგავსი რამ იქნება, ყველა გაიგებს.

„თვეში ერთხელ, თუ უფრო ხშირად არა, ვისმენ საკადრო გადანაცვლებების შესახებ, ცვლილებებზე ინფორმაციას. რაღაც გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, გადანაცვლებები ხდება ხოლმე, ეს ჩვეულებრივი ამბავია. შემდეგ მიდის კამათი, ვინ გააკეთა სწორი პროგნოზი და ვის შეეშალა, თუმცა შეშლა ნაკლებად ახსოვთ და „ხომ ვამბობდი“ – ასეთი ნიშნის მოგებით განცხადება ბევრს ახსოვს.

არავითარი გადანაცვლებები ამ ეტაპზე არ იგეგმება, მომავალში თუ იქნება, ამის თაობაზე ყველას გვეცოდინება წინასწარ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.