გია ვოლსკი - „აიარაისა“ და „ენდიაის“ კვლევები არჩევნების შედეგებს მნიშვნელოვნად სცილდება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, „აიარაისა“ და „ენდიაის“ კვლევები არჩევნების შედეგებს მნიშვნელოვნად სცილდება, რასაც თავად აღიარებენ, როგორც კანონიერს და დემოკრატიულს.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, მას კვლევაზე დამოკიდებულება არ შეუცვლია.
„სოციალური პობლემები და ბევრი სხვა რამე კარგად ვიცით, მაგრამ თუ მოცემულობა რეალურია, რომ ცალკეულ ლიდერებსა და გაერთიანებულ ოპოზიციას უფრო მეტი შანსი აქვს და საზოგადოება მხარს მათ უფრო უჭერს, მაშინ პრობლემა რატომ შექმნეს, თუ არა რევოლუციის მოხდენის სურვილი, რასაც საზღვარგარეთიდან მათი ლიდერი კარნახობთ? ეს კითხვის ქვეშ რატომ არის?”, – განაცხადა ვოლსკიმ.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, „აიარაის“ [IRI] კვლევის მიხედვით, მიმდინარე კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 23 პროცენტი ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა – გაერთიანებულ ოპოზიციას“ 15 პროცენტი, „ევროპულ საქართველოს“ 5 პროცენტი.
„ლეიბორისტულ პარტიას“ ხმას მისცემდა 5 პროცენტი, გამოკითხულთა 4 პროცენტი ხმას მისცემდა „პატრიოტთა ალიანსს“, „სამოქალაქო მოძრაობა“ – 3 პროცენტი, „ახალი საქართველოსთვის“- 2 პროცენტი, „დემოკრატიულ მოძრაობა-გაერთიანებული საქართველოსთვის“ ასევე 2 პროცენტი. „ლელოს“ გამოკითხულთა 2 პროცენტი მისცემდა ხმას, „გირჩს“ – 1 პროცენტი, „შენების მოძრაობა“ – 1 პროცენტი. გამოკითხულთა 32-მა პროცენტმა უპასუხა, რომ არ იცის ან არ სურს პასუხის გაცემა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მცხოვრებმა. კვლევის ცდომილება პლუს-მინუს 2.5 პროცენტია.