გია ვოლსკი - აგრესიული მათხოვრობა და ტურისტებისთვის მომსახურებაში ზედმეტი თანხის გამორთმევა სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა
აგრესიული მათხოვრობა, რომელიც დაყაჩაღებას დაემსგავსა, ასევე ტურისტებისთვის მომსახურებაში ზედმეტი თანხის გამორთმევა სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხის გადაცემა „ახალ კვირაში“ გასულ რეპორტაჟზე – „თაღლითური სქემა ტურისტების წინააღმდეგ“ საუბრისას განაცხადა.
გია ვოლსკის თქმით, შესაბამისი ორგანოებიდან განსაკუთრებული სიმკაცრეა საჭირო, თუმცა თუ სიმკაცრე აკლია, მოწოდება და განცხადებები ყველასთვის ყურადსაღები უნდა იყოს და ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი დღის პრობლემა.
„ტაქსის მძღოლები იქნებიან, თუ რესტორნებში მომსახურე პერსონალი, უამრავი ადამიანი ქვეყანას კეთილსინდისიერად ემსახურება, მაგრამ სამწუხაროდ, გადაცდომები არსებობს, რაც ძალიან მკაცრად უნდა იყოს აღკვეთილი და დასჯილი. თუ რეაგირება არ არის, ძალიან ცუდია, რადგან ეს არის პოლიციის არათუ სამსახურებრივი მოვალეობა, არამედ პატრიოტული მოვალეობაც, რათა ქვეყანას იმიჯი არ შეელახოს. წარმატებულ ქვეყნებში, უცხოელი ტურისტების მოტყუება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ხდება ხოლმე, რაც არის სამწუხარო ფაქტი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.