გია ვოლსკი - ადრეული გაფრთხილების სისტემაზე ყველას სხვადასხვა წარმოდგენა აქვს, უმჯობესია, ექსპერტებმა ილაპარაკონ, არსებობს ბუნებრივი კატაკლიზმები, რომლის პრევენცია შეუძლებელია
გია ვოლსკი - ადრეული გაფრთხილების სისტემაზე ყველას სხვადასხვა წარმოდგენა აქვს, უმჯობესია, ექსპერტებმა ილაპარაკონ, არსებობს ბუნებრივი კატაკლიზმები, რომლის პრევენცია შეუძლებელია

ადრეული გაფრთხილების სისტემაზე ყველას სხვადასხვა წარმოდგენა აქვს. უმჯობესია, ამ თემაზე ექსპერტებმა ილაპარაკონ. არსებობს ბუნებრივი კატაკლიზმები, რომლის პრევენცია და წინასწარი გაფრთხილება შეუძლებელია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ტრაგიკულ ვითარებაში ერი უნდა გაერთიანდეს.

„დღეს გლოვის დღეა და იმ ადამიანების მდგომარეობა არ უნდა დავამძიმოთ, რომლებმაც ოჯახის წევრები და ახლობლები დაკარგეს. ძალიან ცუდია, როცა გლოვის დღეს ვინმეს პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებების კეთების სურვილი აქვს. ყველა ექსპერტად გადაიქცა. ადრეული გაფრთხილების სისტემაზე ყველას სხვადასხვა წარმოდგენა აქვს და უმჯობესია, ამ თემაზე ექსპერტებმა ილაპარაკონ. სტიქიური უბედურების დროს ადრეული გაფრთხილების სისტემა შესაძლებელი არ არის. არ მგონია, ექსპერტები იყვნენ ადამიანები, რომლებსაც გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებები აქვთ და ფეხს არ იცვლიან. მათ არაერთხელ აუხსნეს ყველას, რომ არსებობს კატაკლიზმური მოვლენები, რომლის პრევენცია შეუძლებელია. არ მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე პოლიტიკური განცხადებები უნდა ვაკეთო. კითხვები დაუსვით იმას, ვისაც მეტი გამოცდილება და ცოდნა აქვს. არსებობს ბუნებრივი კატაკლიზმები, რომლის პრევენცია და წინასწარი გაფრთხილება შეუძლებელია. ამაზე მეტი კომენტარი არ მაქვს.

არსებობს მორალის სტანდარტი და ფორმა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას უნდა ახასიათებდეს ისევე, როგორც ევროპული ქვეყნების საზოგადოებებს, სადაც ძალიან დიდი მასშტაბის ბუნებრივი კატაკლიზმები მოხდა, ადამიანები დაიღუპნენ და ინფრასტრუქტურა დაინგრა, მაგრამ არსად არ მახსოვს, რომ ხელისუფლებაზე ასე ორგანიზებულად, ორკესტრირებულად ოპოზიციური და პარტიული შეტევა ყოფილიყოს. არსებობს გარკვეული ვითარება, როცა ერი უნდა გაერთიანდეს“, – განუცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს.