გია ვოლსკი აცხადებს, რომ მთავრობის მხრიდან მოსახლეობის სოციალური დახმარება მოსყიდვა არ არის და, სასურველია, საკითხთან დაკავშირებით ოპონენტებს  სათანადო წინადადებები ჰქონდეთ
გია ვოლსკი აცხადებს, რომ მთავრობის მხრიდან მოსახლეობის სოციალური დახმარება მოსყიდვა არ არის და, სასურველია, საკითხთან დაკავშირებით ოპონენტებს სათანადო წინადადებები ჰქონდეთ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მთავრობის მხრიდან მოსახლეობის სოციალური დახმარება მოსყიდვა არ არის.

ამასთან, როგორც ვოლსკი აცხადებს, მტერი უნდა იყო, ხელისუფლებას მიუთითო იმაზე, რომ დღეს წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის პაკეტი მოსყიდვას წარმოადგენს.

„საქართველოში ძალიან რთული პერიოდია. მთელს მსოფლიოში ეკონომიკის ვარდნაა. აპრილ-მაისის პერიოდში ეკონომიკური ვარდნა 17 პროცენტამდე იყო. ახლა ნაკლებია, მაგრამ ეკონომიკა საგანგებოდ რთულ მდგომარეობაშია. ევროპული ანალიტიკა აჩვენებს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპულ ეკონომიკას ასეთი კრიზისი არ ჰქონია.

საგანგებოდ მნიშვნელოვანია, სოციალური პროგრამები გაგრძელდეს და ამას თუნდაც დაემატოს ანაზღაურება კომუნალური გადასახადების იმ ხალხისთვის, ვინც სოციალურად შეჭირვებულია. დახმარების მთელი მიმართულებებია, რაც მოსყიდვად ვერ ჩაითვლება. მტერი უნდა იყო, ხელისუფლებას მიუთითო იმაზე, რომ ეს მოსყიდვას წარმოადგენს.

მით უმეტეს, როცა მთავრობა არავის ეკითხება, საპარლამენტო არჩევნებში მხარს რომელ პარტიას უჭერს, ან თავის პოლიტიკურ პოზიციას შეცვლის თუ არა. როგორც ვიცი, კომუნალური გადასახადები თებერვლამდე გაგრძელდება.

იმედია, სამედიცინო დარგისა და ეკონომიკური გუნდის დახმარებით, ამ პერიოდს დავძლევთ, არჩევნებსაც მაღალ დონეზე ჩავატარებთ და მომავალი წლისთვის კიდევ უფრო მომზადებული ვიქნებით. ვისურვებდი, ოპონენტებს კონსტრუქციული წინადადებები ჰქონდეთ არსებულ ვითარებაზე”, – განაცხადა ვოლსკიმ.