გია გვაზავა - რუსეთშიც ხვდებიან, რომ კონფლიქტი აფხაზეთში ამდენი ხნით მათთვისაც არ არის სასურველი
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია გვაზავა აცხადებს, რომ უნდა დადგეს დღე, როდესაც აფხაზები დაგველაპარაკებიან.
„მთავარია, თუ მისცემენ ამის უფლებას, კრემლი თუ მისცემს ამის უფლებას. ვფიქრობ, ყველა შემთხვევაში, მეზობლებიც რომ ვიყოთ, როგორც მათ უნდათ, თუნდაც ამ კუთხით მაინც უნდა გველაპარაკონ. მით უმეტეს, ალბათ უფალი არ დაუშვებს იმას, რომ ეს ასე მოხდეს და ჩვენ ვიქნებით ერთიანი ქვეყანა.
ვფიქრობ, საქართველოს უკვე უნდა ჰქონდეს მზად ისეთი კონსტიტუციური ცვლილებები, რაც შევთავაზეთ საქართველოს პარლამენტს. თავის დროზე, მე გადავეცი საქართველოს პარლამენტს თეზისები და უნდა დავიწყოთ ლაპარაკი, სხვანაირად არ გამოვა ჩვენი შერიგება“, – აღნიშნა გია გვაზავამ.
მისი თქმით, როგორც ჩანს, ამ კუთხით გარკვეული ძვრებია რუსეთშიც.
„დიალოგი უნდა შედგეს ყველა ვარიანტში – რუსეთის პატრონაჟით იქნება თუ ევროპული ორგანიზაციების. ლაპარაკი უნდა შედგეს ჟენევის ფორმატით. თუ როგორ იქნება, ამას უკვე დრო გვაჩვენებს. ალბათ, რუსეთშიც ხვდებიან, რომ ეს კონფლიქტი ამდენი ხანი მათთვისაც არ არის მაინცდამაინც სასურველი, მიუხედავად იმისა, რომ აკონტროლებენ ყველაფერს.
ბჟანიას მიმართ ის დამოკიდებულებაა, რაც ხაჯიმბას მიმართ, ეს მათი კაცია, უშიშროების თანამშრომელია ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან. ამიტომ, პირდაპირი კავშირები აქვს მოსკოვთან და აქ დიდი განსხვავება არ არსებობს“, – აცხადებს გია გვაზავა.
მისივე თქმით, რუსეთისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ოკუპირებული ქვეყნის პრეზიდენტი.
„მათ არ გაამწვავეს ეს მდგომარეობა აფხაზეთში, დემოკრატიული ნიღაბიც აიფარეს და ახლა იქნება არჩევნები. ერთი შეხედვით, საზოგადოების გამარჯვება ჩანს. დააკვირდით, ვინ ჩავიდა – სურკოვი, რომელიც კურირებს აფხაზეთს. ალბათ ის გადაწყვეტილება, რომ ბჟანია მისაღებია აფხაზი საზოგადოებისთვის, უკვე დიდი ხანია, ნათელია. ზუსტად იმიტომ იყო მისი მოწამვლის მცდელობა“, – განაცხადა გია გვაზავამ.