გია გვაზავა ოკუპირებულ გალში ირაკლი კვარაცხელიას თვითმკვლელობის ვერსიას არადამაჯერებლად მიიჩნევს
გია გვაზავა ოკუპირებულ გალში ირაკლი კვარაცხელიას თვითმკვლელობის ვერსიას არადამაჯერებლად მიიჩნევს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა მიიჩნევს, რომ ქართულმა მხარემ რუსეთთან ურთიერთობაში უფრო მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადადგას.

„მესმის, რომ საქართველო აკეთებს იმას, რაც შეუძლია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. საუბედუროდ, საქართველო და მისი პოლიტიკა საერთაშორისო ორგანიზაციების ნაბიჯებზეა დამოკიდებული. უნდა ვეცადოთ, ყოველთვის საქმის კურსში ჩავაყენოთ და მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია. საჭირო დიპლომატიური ნაბიჯები იდგმება, მაგრამ ისეთ აგრესორთან გვაქვს საქმე, რომლისთვისაც კანონები არ არსებობს.

არსებული სიტუაცია მოსახლეობას ორ არჩევანს უტოვებს – ან გადასახლდნენ ან კიდევ შეეგუონ მონობაში ცხოვრებას. არის მესამე ვარიანტიც, შესაძლოა, მოსახლეობის ნაწილმა მათ ქმედებებს საპასუხო ნაბიჯებით უპასუხოს. შეიძლება, ვიღაცამ იფიქროს, რომ პარტიზანული მოძრაობის აღდგენაზე ვსაუბრობ, მაგრამ პარტიზანული მოძრაობების დროს სიტუაცია უფრო გაწონასწორებული იყო“, – აცხადებს გია გვაზავა.

რაც შეეხება ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას თვითმკვლელობის ვერსიას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ გალში თვითმკვლელობისთვის გადასვლა არადამაჯერებელია. მისი თქმით, საეჭვოა ის ფაქტიც, რომ დაკავებული ადამიანი ოთახში მარტო დატოვეს მაშინ, როდესაც არ ჩამოართვეს ისეთი ნივთები, რომლითაც თვითმკვლელობის ჩადენა შეეძლო.

ოკუპირებულ გალის რაიონში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის,  ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 12 მარტს გაავრცელა.