გია ჟორჟოლიანი პრეზიდენტსა და მთავრობას ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ მოუწოდებს
პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი პრეზიდენტსა და მთავრობას ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ მოუწოდებს.
როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში არჩევნების მეორე ტურის ჩატარება სარისკოა.
„ჩვენს ქვეყანაში, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ვითარება ყოველდღიურად რადიკალურად უარესდება. დაინფიცირებულთა დღიური პროცენტული რაოდენობით, დღეს საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია. ეს რიცხვი ორჯერ უფრო მაღალია, პროცენტული განზომილებით, ვიდრე აშშ-ში. ამ ვითარებაში, საარჩევნო პროცესის წარმართვა და არჩევნების მეორე ტურის ჩატარება კიდევ უფრო ზრდის უეჭველ რისკებს. ამას თან ერთვის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განვითარებული მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რომლის სწრაფად დასრულებაც წარმოუდგენელია. დაუშვებელია, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა შევწიროთ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს. იქნება ეს ხელისუფლება თუ ოპოზიცია.
ერთადერთ გამოსავლად არსებულ მდგომარეობაში ჩანს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ამგვარი ღონისძიებით ისრაელში ერთი თვის განმავლობაში რადიკალურად (ხუთ-ექვსჯერ) შემცირდა დაინფიცირების შემთხვევები. მოგიწოდებთ, გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, დაწესდეს მკაცრი შეზღუდვები და მხოლოდ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების შემდეგ განახლდეს საარჩევნო პროცესი“, – აცხადებს ჟორჟოლიანი.