პარტია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის გაუქმებას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით დეპუტატის ინიციატივა ბიუროს გუშინდელ სხდომაზე დარეგისტრირდა.
ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ ფასიანი რეკლამის აკრძალვა არჩევნების თანაბარ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას შეუწყობს ხელს.
„ეს არის მეორე კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო გაშუქებას ეხება. პირველი, რომელიც პანდემიის გამო შეფერხდა, მხოლოდ საკომიტეტო განხილვებია დაწყებული და პლენარულ სხდომამდე ჯერ ვერ მივიდა, ეხება უფასო დროის განაწილებას. ანუ დრო განაწილდეს თანაბრად, არა მხოლოდ ე.წ. კვალიფიციურ პარტიებზე, არამედ ყველა საარჩევნო სუბიექტზე, ვინც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ახალი ინიციატივა კი, ეხება ფასიანი რეკლამის გაუქმებას. დავწიეთ, პრაქტიკულად ნულოვანი გავხადეთ ბარიერი, რაც ნიშნავს, რომ გზას ვუხსნით ყველა შეხედულებას, იყოს წარმოდგენილი. თუ ახლა დავკეტავთ ამას ტელევიზიაში, თუ გაშუქების უფლებას არ მივცემთ, ის წინადადება უაზრო გახდება. ასევე ფასიანი რეკლამის გაუქმება ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან არჩევნებში შემცირდეს ფულის როლი“, – აცხადებს გია ჟორჟოლიანი.
მისი თქმით, საარჩევნო სუბიექტებისთვის ფასიანი რეკლამა არ არის ბევრ ევროპულ ქვეყანაში.
„ბევრ ევროპულ ქვეყანაში ფასიანი რეკლამა არ არის საარჩევნო სუბიექტებისთვის. ამის მიზანია ყველა პარტია, ყველა შეხედულება, ყველა პროგრამა აღმოჩნდეს მეტ-ნაკლებად თანაბარ პირობებში, რათა ამომრჩეველმა გააკეთოს თავისი არჩევანი შეხედულებების და არა იმის მიხედვით, რომ ამის თაობაზე გაიგო მხოლოდ იმიტომ, რომ პარტიას აქვს ფული. მით უმეტეს, ეს აქტუალურია საქართველოში, სადაც მედიასივრცეში, შეიძლება ითქვას, პრაქტიკულად ჩამოყალიბებულია ორპარტიული „დიქტატურა“, რომელიც „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ და მის გარშემო შეკრებილი პარტიების პოლემიკისგან შედგება, პოლიტიკური სივრცე ჩახშობილი აქვს ყველა ალტერნატიულ ხედვას, მაგალითად, ჩვენ, რომლებსაც გვაქვს განსხვავებული პოლიტიკა“, – განაცხადა დეპუტატმა.
დეპუტატის თქმით, ამ პარტიებს დიდად განსხვავებული სოციალ-ეკონომიკური პოლიტიკა არ აქვთ.
„ერთმანეთის კინკლაობას, კრიტიკას და ლანძღვას უნდებიან მაშინ, როდესაც ჩვენ გვინდა, ხალხს დავანახოთ, რომ სხვა გზაც არსებობს ქვეყნის განვითარებისთვის. ამისთვის აუცილებელია არა ფული წყვეტდეს, არამედ შეხედულებები“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.