გია ცაგარეიშვილი - რას წარმოვიდგენდი, გერმანიაში ადეიშვილს ფიანდაზებს დაუგებდნენ, საელჩომ სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდაო, ეს ხომ ცინიზმია, მორალი, ზნეობა ხომ არსებობს?
რას წარმოვიდგენდი, რომ გერმანიის იუსტიციის სამინისტროში ზურაბ ადეიშვილს ფიანდაზებს დაუგებდნენ, რომ ბუნდესტაგში მიიღებდნენ? გერმანიის საელჩო ამბობდა, სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდაო, ეს ხომ ცინიზმია, მორალი, ზნეობა ხომ არსებობს? – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
გია ცაგარეიშვილმა წაიკითხა ირაკლი მარაქველიძის წერილი, სადაც ყოფილი პატიმარი ციხეში მის მიმართ სასტიკ მოპყრობაზე საუბრობს და აღნიშნა, რომ ამ უმძიმეს დანაშაულში მხილებული ყველა დამნაშავე დაკავებულია და ზოგიერთი ახლაც სასჯელს იხდის.
„ამის შემოქმედები იყვნენ ზურაბ ადეიშვილი, მიშა სააკაშვილი, ივანე მერაბიშვილი, ამის შემოქმედები იყვნენ ჩემი კოლეგები, უტყვი მოწმეები, რომლებიც პარლამენტში მეპულტეებად გადააქციეს და ღირსება აყარეს იმ ხალხს. ეს ყველაფერი იყო ჩვენი უახლოესი წარსული. ჩვენ თავის დროზე დავუშვით ძალიან დიდი შეცდომა, როცა ამ ადამიანებთან კოჰაბიტაცის დავიწყეთ, უფრო სწორად, თავს მოგვახვიეს. იქ იყო ჩვენი პირველი ნაბიჯები ხელისუფლებაში, გვაკლდა სითამამე, გამოცდილება. ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ამ საშინელი არჩევნებით დაზაფრულ ქვეყანას და გადავწყვიტეთ, რომ სადღაც რაღაც უნდა დამთავრებულიყო. შეიძლება, ნონსენსს ვამბობ, მაგრამ პირველი ოქტომბერი მათთვის უფრო გამოსავალი, საშველი იყო. მათთვის იყო შანსი, თავისუფალი ფურცლიდან დაეწყოთ ყველაფერი და ეს არ გააკეთეს ადამიანებმა. გადაახალისეს თავიანთი ძალები, ქვეყნიდან გაიტანეს წარმოუდგენელი რაოდენობის თანხები, შექმნეს შავი სალაროები, გაატყავეს ნახევარი ევროპელი პენსიონერები, ამ ფულის მობილიზება მოახდინეს ციხიდან ავაზაკი სააკაშვილის დასახსნელად და ახლა გადმოსულები არიან ფრონტალურ შეტევაზე. მათ ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი ადამიანების მეხსიერებიდან წაიშალა.
ხშირად გვეუბნებიან, აღარ მოგბეზრდათო წარსულზე საუბარი? რა თქმა უნდა, შეიძლება, მობეზრდა ვიღაცას, შეიძლება, ამ კატასტროფის დავიწყება უნდა, ვიღაცამ შეიძლება, ახალი გზა დაინახოს, მაგრამ გაცლიან ამ გზაზე სიარულს ეს წარსულის საშინელი ლანდები? მოდიან, სულს გიფორიაქებენ, გეუბნებიან – არა, შენ უნდა ჩაიწიო, მე უნდა მოვიდე, რომ ისევ ვტანჯო, ვაუპატიურო, ვხოცო, არჩევნები ვაყალბო, ცესკო ფეხქვეშ გავიგდო, ახლა „ვეტინგი“ მოუნდათ სასამართლოში ვიღაც წოწორიებს და ამ კრიმინალ ადეიშვილს, რომელიც კარდაკარ დადის. რას წარმოვიდგენდი, რომ გერმანიის იუსტიციის სამინისტროში მას ფიანდაზებს დაუგებდნენ, რას წარმოვიდგენდი, რომ ბუნდესტაგში მიიღებდნენ? დღეს საელჩო ამბობდა, რომ სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდაო, ეს ხომ ცინიზმია, მორალი ხომ არსებობს, ზნეობა ხომ არსებობს? მაგალითების მოყვანა შეიძლება. გავახსენებ ჩემს გერმანელ კოლეგებს, დამარცხდა ფაშიზმი და 45 წელს ნახევარი ფაშისტები ლათინურ ამერიკაში გადაიხვეწნენ, მათ შორის, არგენტინაში, შეიფარეს იქ და კარგად ცხოვრობდნენ ბუენოს აირესებში და პატაგონიის ტრამალებში. არგენტინაშიც არ იყო დემოკრატია, მაგრამ ხომ ითხოვდნენ ფაშისტების დაბრუნებას? იცით, რა პასუხს სცემდნენ პერონისტები მაშინ არგენტინიდან? ჩვენ სხვა სტანდარტი გვაქვს, აქ სამართლებრივი საზოგადოებისთვის დადგენილი სტანდარტი არ არისო და როგორ გადმოგცეთ ეს ხალხი, ჩვენთან გადასახადებს იხდიანო. ისრაელის სახელმწიფო სამხედრო ოპერაციებს აწყობდა, რომ გამოეხსნა იქიდან, არ იყო მაშინ ამ ხალხის გამოხსნის სამართლებრივი მეთოდები? რატომ არის საჭირო ასეთი შედარებების გაკეთება, რომელ სამართლიანობაზე მელაპარაკებით, კაცმა დაუკვეთა კობა დავითაშვილის მკვლელობა, კაცი მოკლეს ცემით, გორის სამხედრო ჰოსპიტალთან გადმოაგდეს და რამდენიმე წელიწადში გარდაიცვალა. აბა, მივიდეს ახლა ვინმე ჩვენი კოლეგა რომელიმე ევროპული ქვეყნიდან მის ოჯახთან და აუხსნას ეს, თვალებში ჩახედოს მის მეუღლეს, შვილებს და უთხრას, რომ იცით რა, ასეთი ამბავია. არაფერი აღარ არსებობს ამ ქვეყანაში?“ – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
საქართველოში გერმანიის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი, რათა ადეიშვილისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა“.