გია ცაგარეიშვილი - ნავალნი არის რეჟიმის მსხვერპლი, იგი სასიკვდილოდ გაწირა პუტინის რეჟიმმა, სააკაშვილისა და ნავალნის საპატიმრო ბედის ერთმანეთთან დაკავშირება ამორალურობა და უზნეობაა
გია ცაგარეიშვილი - ნავალნი არის რეჟიმის მსხვერპლი, იგი სასიკვდილოდ გაწირა პუტინის რეჟიმმა, სააკაშვილისა და ნავალნის საპატიმრო ბედის ერთმანეთთან დაკავშირება ამორალურობა და უზნეობაა

მიხეილ სააკაშვილისა და ალექსეი ნავალნის საპატიმრო ბედის ერთმანეთთან დაკავშირება  არის სრული ამორალურობა და უზნეობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

როგორც გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ნავალნი არის რეჟიმის მსხვერპლი, იგი სასიკვდილოდ გაწირა პუტინის რეჟიმმა და ეს საყოველთაოდ ცნობილია.

„ვფიქრობ, სწორედ აქედან იწყება უამრავი განსხვავება ნავალნისა და სააკაშვილის საპატიმრო ბედს შორის. თქვენ გაიხსენეთ ნავალნის დაბრუნება სამშობლოში და გაიხსენეთ სააკაშვილის დაბრუნება სამშობლოში. ნავალნი ღიად დაბრუნდა მოსკოვში და, ფაქტობრივად, თავისი ფეხით შევიდა პუტინის საპატიმროში. სააკაშვილი შემოიპარა კონტეინერით, კრიმინალური გზით საქართველოში, აქ სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად. შემოიპარა ადგილობრივი არჩევნების წინ ერთი განზრახვით – მოეწყო სამოქალაქო დაპირისპირება და ხელი მოეთბო ისევ ხალხის სისხლსა და ვაებაზე, ეს ერთი დიდი სხვაობა; მეორე დიდი სხვაობა – სააკაშვილი სასჯელს იხდის, ფაქტობრივად, ქალაქის ცენტრში, ოროთახიან ვიპ პალატაში. ნავალნი სადაც იხდიდა სასჯელს, ეს კადრებიც და ფოტოებიც გავრცელდა მსოფლიო მედიაში. თეთრ დათვებთან გადასახლებულს პუტინის დილეგში ამოხადეს ადამიანს სული. სააკაშვილი – ღმერთმა დიდხანს ამყოფოს, მე მას დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებ – არის ჯანმრთელი, იხდის სასჯელს საავადმყოფოში; მესამე დიდი განსხვავება – ნავალნი ყოველდღე „ფეისბუქზე“ პოსტებს არ აქვეყნებდა და სოციალური ქსელებით თავის თაყვანისმცემლებს თუ გულშემატკივრებს არ ეკონტაქტებოდა. ყოველდღე მიხეილ სააკაშვილი ამითაც სარგებლობს. რა თქმა უნდა, ირიბად, მაგრამ ბარათები ხომ გამოდის ციხიდან. აბა, თქვენ ბოლოს როდის გაეცანით ნავალნის გამოგზავნილ ბარათს ციმბრიდან? მე პირადად ასეთი რამ არ მახსენდება; მეოთხე დიდი სხვაობა – ნავალნის ოჯახი არის გადახვეწილი რუსეთიდან, გაგდებული თავისი სამშობლოდან პუტინის რეჟიმის მიერ. სააკაშვილის ოჯახი – ღმერთმა კარგად ამყოფოს – ცხოვრობს საქართველოში; ახლა მეხუთე განსხვავებას გეტყვით – ნავალნი თვალით არავის არ უნახავს, არცერთ მის ახლობელს. თქვენ წარმოიდგინეთ, ბოლოს ადვოკატებსაც უმალავდნენ. გადაჰყავდათ ერთი საპატიმროდან მეორე საპატიმროში, სადაც ბოლოს მოკლეს. სააკაშვილთან, ფაქტობრივად, ყოველდღიურად შედის მისი მშობელი, მისი ოჯახის წევრი, შედიან მისი თაყვანისმცემლები, მისი ადვოკატები. შემიძლია, უსაშველოდ გავაგრძელო ეს განსხვავება“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, ნავალნის საქმე იყო შეკერილი თავიდან ბოლომდე, იგი იყო რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი იყო.

„სააკაშვილის საქმე არ არის შეკერილი. მან გირგვლიანი მკვლელები შეიწყალა, მან ვალერი გელაშვილი კინაღამ მოკლა ცემაში, უშუალო დავალების მიმცემი გახლდათ. მან, უშუალო განკარგულებით, დაარბევინა თავის ავაზაკებს 7 ნოემბრის აქცია და გაანადგურებინა ტელეკომპანია „იმედი“. მან გაძარცვა საქართველოს ბიუჯეტი და მის ხუშტურებზე, მის ბოტოქსებზე თუ ცელულიტებზე დარდობდა ნახევარი საქართველო. ამიტომ არის უამრავი სხვაობა და ვინც ამ ორ ადამიანს, მათ საპატიმრო ბედს ერთმანეთთან აკავშირებს, ის, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არასერიოზულად გამოიყურება და უფრო უხეშად რომ გითხრათ, ეს არის სრული ამორალურობა და უზნეობა, რაც ახლა ხდება მათ მედიებში, მათი მხარდამჭერების მიერ გავრცელებული“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.