გია ცაგარეიშვილი - მოვუწოდებ უკრაინელ კოლეგებს, ხელისუფლებები მიდიან, ქვეყნები რჩებიან და საქართველო-უკრაინას შორის მეგობრობა უნდა გაგრძელდეს მრავალი წლის მანძილზე
ამ ერთი წლის მანძილზე, რაც პუტინის რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, თავს ვიკავებთ ხმამაღალი განცხადებებისგან, თავს ვიკავებთ, რომ ხშირ შემთხვევაში საკმაოდ კრიტიკულად შევაფასოთ უკრაინელი კოლეგების თანამონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
ცაგარეიშვილმა კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის „ამერიკის ხმასთან“ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ „საქართველომ უნდა დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია და შეეცადოს, ომზე კომენტარი არ გააკეთოს“. ამასთან, პოდოლიაკმა მიმართა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს: „არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინრობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს“.
გია ცაგარეიშვილის თქმით, თავშეკავება უნდა გაგრძელდეს იქამდე, ვიდრე უკრაინაში ეს უბედურება არ დასრულდება.
„ვინ რა განცხადებას გააკეთებს აქ თუ სხვაგან, ეს არავისი საქმე არ არის, მათ შორის არც ბატონი პოდოლიაკის, ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად. ამ ერთი წლის მანძილზე, რაც პუტინის რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, თავს ვიკავებთ ხმამაღალი განცხადებებისგან, თავს ვიკავებთ, რომ ხშირ შემთხვევაში საკმაოდ კრიტიკულად შევაფასოთ ჩვენი უკრაინელი კოლეგების თანამონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში. ვფიქრობ, ეს თავშეკავება უნდა გაგრძელდეს იქამდე, ვიდრე უკრაინაში ეს უბედურება არ დასრულდება. მესმის, რომ თმენის ვალდებულება, შესაძლოა, იწურება კიდეც და ბევრს უნდა, პასუხი გასცეს ასეთ მყვირალა განცხადებებს.
მოვუწოდებ, მეტ-ნაკლებად თავი შევიკავოთ ასეთი განცხადებებისგან. შევიდეთ ადამიანების მდგომარეობაში და კარგად გავიაზროთ, ეს ქვეყანა ინგრევა, უამრავი ადამიანი იღუპება უკრაინაში. დანარჩენი, რაც ხდება, ეს არ უნდა ხდებოდეს. ხელისუფლებები მიდიან, ქვეყნები რჩებიან და საქართველო-უკრაინას შორის მეგობრობა უნდა გაგრძელდეს მრავალი წლის მანძილზე. ეს ჩემი მოწოდებაა უკრაინელი კოლეგების მისამართით.
აქვე გეტყვით, არ მგონია, რომ ამას შეისმენენ. ისინი გააგრძელებენ ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას, გააგრძელებენ ავაზაკი სააკაშვილის გულმხურვალე გულშემატკივრობას, დაივიწყებენ, რომ უკრაინის ქალაქ ოდესიდან შემოიპარა სააკაშვილი ხელისუფლების დასამხობად. დაივიწყებენ, რომ კაცის მკვლელი, მანიაკი მეგის ქარდავა 10 წელი იმალებოდა კიევში. გლდანის საავადმყოფოს მთავარი ექიმი მუხაძე, რომელიც მამაკაცებს აუპატიურებდა, დღესაც კიევში იმყოფება, მაგრამ, მოდით, ეს ყველაფერი გვერდზე გადავდოთ და წარმატება ვუსურვოთ ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხს ამ უთანასწორო ბრძოლაში“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.