გია ცაგარეიშვილი - ის ადამიანები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთიანდებიან, ლამობენ პარტიულ სიაში ადგილების მოპოვებას, დიდ იმედებს ნუ დაამყარებენ ამ გაერთიანებებზე
„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაში, საარჩევნო სიაში ადგილის მოპოვების მცდელობაა ის, რაც ახლა ხდება. ეს რითი დაგვირგვინდება, მომავალ თვეებში კარგად გაირკვევა, ვერ დავარქმევ ამას გაერთიანებას, თუნდაც ფორმალური მიზეზით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ის ადამიანები, რომლებიც ახლა ერთიანდებიან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, ლამობენ პარტიულ სიაში გარკვეული ადგილების მოპოვებას.
„ნაციონალური მოძრაობა“ მათთან ერთად ამ ე.წ. გაერთიანებას ფუთავს, როგორც დიდ პროცესად, მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენად. ჩვენ ამგვარი გაერთიანებები მანამდეც გვახსოვს და ესეც ზუსტად მსგავსი გაერთიანება იქნება. სავარაუდოდ, 38-ე ან 122-ე ადგილს ვაშაძე თავისი თანაგუნდელებისთვის, სულ სამნი არიან, მე რასაც ვუყურებ, მოიპოვებს, როგორც მანამდე სხვა პოლიტიკოსებმა მოიპოვეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ადგილები და შემდეგ გაიქცნენ იქიდან თავქუდმოგლეჯილები. სხვა გაერთიანებებიც ყალიბდება ნელ-ნელა. ზოგადად, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, კარგია, რომ ნელ-ნელა პოლიტიკური სპექტრი გადაეწყობა არჩევნებისთვის, დაიწყებს მზადებას, „მოლოტოვის კოქტეილს“, ყოველ შემთხვევაში, 2024 წლის ბოლომდე გადამალავენ, შორს არ გადადებენ, მაგრამ იქვე სადმე გაწევენ და დაფიქრდებიან ქვეყნის მომავალზე, სამოქალაქო მშვიდობის დამყარებაზე და გრძელვადიან მშვიდობაზე. ძალიან დიდ იმედებს ნუ დაამყარებენ ამ გაერთიანებებზე, მოლოდინებს ნუ გაუჩენენ საზოგადოებას, რადგან, დარწმუნებული ვარ, საპნის ბუშტივით გასკდება ეს ყველაფერი ძალიან მალე. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბატონი ვაშაძე საერთოდ შემგროვებელი გახდა გაერთიანებების, მე-5 თუ მე-6 გაერთიანება არის ამ მოკლე პერიოდში, ხან ხოშტარიასთან იყო, ხან ჯაფარიძესთან, ხან ორივესთან ერთად, ხან „ლელოსკენ“ გაიწია, ხან სამნიძეს შეეყარა, ახლა ისევ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აპირებს დაბრუნებას“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
გია ცაგარეიშვილის განცხადებით, გიორგი ვაშაძის მიერ გადადგმული ნაბიჯი შეთანხმებულია ზურაბ ადეიშვილთან.
„პოლიტიკური ხეტიალი, ზოგადად, არ მთავრდება კარგად ქართულ პოლიტიკაში, მთავრდება ძალიან ცუდად პარტიებისთვის. ადეიშვილის ნებართვის გარეშე ეს ადამიანი არაფერს აკეთებს, არც გაუკეთებია არასდროს. მისი ყოველი გამოსვლა და დაბრუნება „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეთანხმებული იქნებოდა ადეიშვილთან, რომელიც მისი შემქმნელი და დამაარსებელია. იგი ხელქვეითი იყო ყოველთვის ადეიშვილის, დანაშაულებრივი სინდიკატის ჩამომყალიბებლის, ერთ-ერთი კრიმინალის, უმძიმეს დანაშაულებში მხილებულის და ძებნილი ადამიანის, რომელიც ასე თბილად შეიფარა უკრაინის ხელისუფლებამ. ასე რომ, პატარა ქვევრუკასავითაა ადეიშვილის ვაშაძე საქართველოში. რასაც ჩასძახებს, შემდეგ ის დაწვრილებული ხმით, რადგან პატარაა, რა ქნას, ამოსძახებს. ეს კარგად დალაგებული გეგმაა ადეიშვილის და მერაბიშვილის ფლანგის „ნაციონალურ მოძრაობაში“, მას შემდეგ, რაც განდევნეს მელია, როგორც სიმსივნე. ახლა მის ადგილას მეორე კარიკატურული ფიგურა მიავლინეს „ნაციონალურ მოძრაობაში“. არ გამოვრიცხავ, ვაშაძე ტროას ცხენად გადაიქცეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ და უფრო მოშალოს „ნაციონალური მოძრაობის“ ე. წ. პარტიული სხეული და უფრო გადაკიდოს ხალხი ერთი მეორესთან, რადგან ამ ადამიანის გაერთიანებული, ფეხზე დაყენებული და პროგრესული მე ვერ ვნახე ვერაფერი უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში. ის იყო პირველი, ვინც გაიქცა „ნაციონალური მოძრაობიდან“, განვლო თითქმის ათმა წელმა და უძღები შვილი დაუბრუნდა თავის ბუნაგს, საიდანაც გამოიქცა თუ გამოაგდეს“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.