გია ცაგარეიშვილი - ფარული ჩანაწერები ცხადყოფს, რა არის მათი ბუნება, ეს არის მოძალადეთა, ავაზაკთა გაერთიანება, ლანძღავენ ნებისმიერ ადამიანს, მაშინ რისთვის სურთ ძალაუფლება?
ფარული ჩანაწერები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რა არის მათი რეალური ბუნება. ეს არის მოძალადეთა, ავაზაკთა გაერთიანება, რომელიც არაფრად დაგიდევთ სამოქალაქო მშვიდობას, საზოგადოებრივ წესრიგს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომლებშიც, სავარაუდოდ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საუბრობენ.
ცაგარეიშვილის თქმით, ისინი აზროვნებენ ძალადობრივად.
„რამდენიმე რეპლიკა იყო, პროკურორის ასეთი და ასეთი მეზობელიო, წელში გამართული ასეთი და ასეთი გლეხიო – ყველას ლანძღავენ. არ დარჩა ადამიანი და ჩვენი საზოგადოების არცერთი ნაწილი, რომ არ იყოს გალანძღული, გაქილიკებული. პატრიარქი, ეკლესია, გლეხი, ფერმერი, ექიმი, სპორტსმენი, კოლეგა პოლიტიკოსი, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები, პროკურორები, გამომძიებლები, პოლიციელები, სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, ჯარი – ნებისმიერ ადამიანს ლანძღავენ და აქილიკებენ. მაშინ რისთვის უნდათ ეს ხელისუფლება და რისთვის მიილტვიან ხელისუფლებისკენ, ძალაუფლება რისთვის სურთ? კითხვა რიტორიკულია, ვინ უნდა მართონ, ამ ქვეყნის სათავეში რომ მოვლენ? ღმერთმა დაგვიფაროს და პარლამენტში უმრავლესობაში რომ მოვლენ, ვინ უნდა მართონ? თვითონ უნდა იყვნენ? შემოსაზღვრული რომ ჰქონდათ თავიანთი ტერიტორია და დაბაჯბაჯებდნენ სისხლიანი ნაკვალევით, გადათელეს ყველა და ყველაფერი, ისევ ისე უნდათ, გააკეთონ? სიბოროტე, ველურობა, შური, ღვარძლი, ბოღმა ვერაფრით კავდება მათ სულსა და გულში. ენის წვერზე ადგათ ყოველდღე სალანძღავი სიტყვა. ამ საუბრებში აბსოლუტურად ღიად ამბობენ, უნდა მივვარდეთ და დავჩაგროთ, პარალიზება მოვახდინოთ, გადავკეტოთ ქუჩები, შევიჭრათ დაწესებულებებში 30 000 კაცი, ათი ათასს იქ გავუშვებთ, ათი ათასს აქ, ათი ათასს აქ დავტოვებთ, ხელისუფლებას დავაბნევთ, გამოვფიტავთ საპოლიციო ძალებსო. როგორც ჩანს, ძილშიც ეს ესიზმრებათ. მათი ზმანება ეს არის, დაქცეული ქვეყანა. სასთუმლიდან მოყოლებული, დაძინებამდე დაკავებული არიან იმით, ვის გაუმწარონ სიცოცხლე ამ ქალაქში და ქვეყანაში, როგორ ჩამოამხონ ხელისუფლება, როგორ მოვიდეს ვიღაც ზონდერი ონიანი ნაძირალა გვარამიებთან და სხვებთან ერთად ხელისუფლებაში და ხალხი ქუჩა-ქუჩა ათრიოს, ქვეყანა დააქციოს, ჩამოშალოს, დაშალოს საქართველო, როგორც შლიდნენ ჩვენს საყვარელ სამშობლოს 2012 წლამდე. სურთ, ზუსტად იმ საქმეს მიუბრუნდნენ ყველა ბერკეტის გამოყენებით. დიდი ხანია, მათ ადამიანის სახე დაკარგული აქვთ.
პოლიტიკაში მხეცებად გადაქცეული არიან, ველური სააკაშვილის თამადობით, რომელიც შეუძახებს ხოლმე, აბა, ბიჭებო და გოგოებო, არ გაჩერდეთ, უფრო ხმამაღლა, უფრო აგრესიულად. შევარდით, პარლამენტი დაწვით და გაანადგურეთ, გამოიყვანეთ ახალგაზრდობა, ამხედრებული შეიჭერით კანცელარიაში, გადაწვით ყველაფერი და საპოლიციო ძალებს დაუპირისპირდით, დაარღვიეთ სახოგადოებრივი წესრიგი, შემოანგრიეთ პარლამენტის ჭიშკარი, შეურაცხყოფა მიაყენეთ პატრიარქს, ეკლესიას და აქილიკეთ ეს ყველაფერიო. მიტინგების დროს როცა სჭირდებათ, ეს ფარისეველი ადამიანები მოდიან ქაშვეთთან, პირჯვარს იწერენ, შემდეგ ჩაიკეტებიან სადღაც ბნელ სოროში და ლანძღავენ პატრიარქს, ეკლესიას. ლანძღავენ ყველას და ყველაფერს. მერე გარეთ გამოვლენ და ისევ პირჯვარს გადაიწერენ „მადლიანი“ ხელით. ამ ადამიანების არცერთი სიტყვის და ქმედების არ მჯერა. ეს ყველაფერი სიცრუეა. თანაც როგორი შემზარავიც არ უნდა იყოს, მსუყედ ფინანსდება გარედან უამრავი ფონდის გამოყენებით, ბანდიტი კეზერაშვილის და მისი თანხების გამოყენებით. მომავალში ესეც გასარკვევია, რა გზებით, შავი სალაროებით შემოედინება თანხები. დარწმუნებული ვარ, ამ აქციების დაგეგმვაში, დაფინანსებაში ჩართულია მისი ძირგავარდნილი შავი ჯიბე. პირველ რიგში, ვგულისხმობ „ნაციონალური მოძრაობის“ შავ სალაროს. მათი ბელადი, რომელიც ცრუ ღმერთად ჰყავთ გადაქცეული და ვიწრო ნაჭუჭში ჩაკეტილები ფიქრობენ, ყველა ამ ნაჭუჭში ჩაკეტონ, ამ ღობეში მოაქციონ და ქვეყანას მომავალი დღის პერსპექტივა დაუკარგონ“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.