გია ცაგარეიშვილი - ჩემი ინფორმაციით, საქართველოს წინააღმდეგ ყველა ბრალდება სათითაოდ იყო გავლილი უკრაინის პარლამენტში შეხვედრაზე, ამ ბრალდებებთან მიმართებაში კითხვის ნიშნები მოხსნილია
გია ცაგარეიშვილი - ჩემი ინფორმაციით, საქართველოს წინააღმდეგ ყველა ბრალდება სათითაოდ იყო გავლილი უკრაინის პარლამენტში შეხვედრაზე, ამ ბრალდებებთან მიმართებაში კითხვის ნიშნები მოხსნილია

ყველა იმ ბრალდებასთან დაკავშირებით, რაც აქამდე საქართველოს წინააღმდეგ იყო გახმოვანებული, ყველა კითხვის ნიშანი არის მოხსნილი, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.

„ჩემი ინფორმაციით, საქართველოს მიმართ ყველა ბრალდება სათითაოდ იყო გავლილი, ან პირისპირ შეხვედრაზე, ან იმ საერთო მაგიდასთან, რომელიც უკრაინის პარლამენტში შედგა. ყველა კონკრეტულ ბრალდებაზე იყო მიწოდებული ინფორმაცია და პარლამენტის თავმჯდომარემ გვამცნო, რომ ამ დროისთვის, ამ საკითხებთან მიმართებაში ყველა კითხვის ნიშანი არის მოხსნილი. ხაზს ვუსვამ – ყველა იმ ბრალდებასთან დაკავშირებით, რაც აქამდე იყო საქართველოს წინააღმდეგ გახმოვანებული. ღმერთმა არ ქნას, მომავალში კიდევ წამოისროლონ რაღაც ცრუ ბრალდებები ადამიანებმა. ძალიან არ მინდა, ეს ვიხილო და მოვისმინო“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შემდეგ, რამდენად არის იმის განცდა, რომ მომავალში, თუ საქართველოს მოქმედებასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდება, ამის განხილვა პირველ რიგში, მოხდება შიდა კომუნიკაციით და არა იმ ფორმატში, როგორიც აქამდე იყო, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო-უკრაინას შორის კომუნიკაციის არხები მუდმივად არსებობდა, დღესაც მოქმედია და თუ უკრაინულ მხარეს სურს, საქართველოში თავის მეგობრებს რამე შეატყობინოს, შეუძლიათ, ეს არხები გააცოცხლონ.

„კომუნიკაციის ამგვარი არხები მუდმივად არსებობდა საქართველოს და უკრაინას შორის, რომლის დალაგება-დაწყობაშიც, სხვათა შორის, ჩვენმა უახლოესმა პარტნიორებმა უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა. მახსენდება აშშ-ის ელჩის, ქალბატონი დეგნანის განცხადება იმ ცნობილი ბრალდების შემდეგ. ეს არხები დღესაც თავისუფლად მოქმედია და თუ უკრაინულ მხარეს სურს, საქართველოში თავის მეგობრებს რამე შეატყობინოს, შეუძლიათ, ეს არხები გააცოცხლონ. მათ შეუძლიათ, მუდმივად გამოვიდნენ კონტაქტზე. ამისთვის არსებობს 24-საათიანი რეჟიმი და დღე-ღამის განმავლობაში ჩვენ მზად ვართ, სრული თანადგომა აღმოვუჩინოთ უკრაინულ მხარეს. მთავარია, კარგად გავიგოთ, ერთმანეთისგან რა გვინდა; რა უნდა უკრაინულ მხარეს ჩვენგან და ჩვენ რა გვინდა მათგან. ჩვენ გვინდა ერთი რამ – სიმართლემ გაიმარჯვოს ყველგან, უკრაინაშიც და საქართველოშიც“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას არასოდეს მიუჩქმალავს მოვლენები, რაც უკრაინაში ვითარდებოდა და „ქართულმა ოცნებამ“ სახელი დაარქვა იმ ადამიანებს, რომლებიც ამ მოვლენებს სჩადიოდნენ.

„ახლა, როგორ გამოდის, მე არც ჩემ თავთან ვიყო მართალი, არც თქვენთან, არც თქვენ აუდიტორიასთან და ვთქვა, რომ უკრაინაში საქართველოდან მამა აბრამის ბატკნები არიან წასული?! იქ კრიმინალები იყვნენ წასული, ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილით დაწყებული და ბატონი ლორთქიფანიძით დამთავრებული. ჩვენ რომ ამასთან დაკავშირებით გულისწყვეტა გამოვხატოთ, ამაში არის რამე გასაკვირი?! პირიქით, მემგონი, გასაკვირი ის იქნებოდა, სირაქლემას პოზაში დავმდგარიყავით და გვეთქვა, რომ ორ მეგობარ ქვეყანას შორის არავითარი ხინჯი არ არის და ყველაფერი არის კარგად“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რეგიონში შექმნილ ვითარებაში ხდება თუ არა შესაბამისი უწყებების მიერ იმის გაანალიზება, რა ტიპის მოვლენები შეიძლება, განვითარდეს ჩვენ ირგვლივ და რამდენად შეიძლება, პოლიტიკური ჯგუფები ჩართული იყვნენ პროცესში, რათა სახელმწიფომ ერთიანი პასუხი შეიმუშაოს იმ გამოწვევების მიმართ, რომელშიც შეიძლება, ერთად აღმოვჩნდეთ, ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ პარტნიორული ურთიერთობა შეუძლებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ძალასთან, რომელიც ხელისუფლების დამხობას ლამობს და ამაზე პირდაპირ საუბრობს.

„რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, პარლამენტში წარმოდგენილს, თუ არასაპარლამენტოს, თუ ისინი სააკაშვილის ჩრდილს დაეხსნებიან, ეს ძალიან კარგი იქნება. ეს არის ჩემი რჩევა, კოლეგების მიმართ გამოხატული, ხოლო თუ არ დაეხსმებიან, ამ ჩრდილში პოლიტიკურად დაბერდებიან“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.