გია ბარამიძე უკრაინასთან დაკავშირებით ოლაფ შოლცის განცხადებას „ფრთხილსა“ და „გულდასაწყვეტს“ უწოდებს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე უკრაინასთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებას „ფრთხილსა“ და „გულდასაწყვეტს“ უწოდებს.
ბარამიძის თქმით, სიფრთხილე ყოველთვის კარგია, მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგა, არც ემოციურობა და არც სიფრთხილე.
„ის, რომ პუტინი იძულებული გახდა, გამოეცხადებინა მობილიზაცია, რომელსაც მან დაარქვა ნაწილობრივი მობილიზაცია, სინამდვილეში ეს არის საყოველთაო მობილიზაცია. თქვენთან ეთერშიც იყო საუბარი, რომ პრაქტიკულად ყველას, ვისაც დაიჭერენ, მიჰყავთ და ეს სამ ტალღად უნდათ, რომ განახორციელონ. სამჯერ 300 ათასის გაწვევას აპირებენ. პრაქტიკულად, ტოტალური მობილიზაცია არის ისტერიულ რეჟიმში. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ის პირწმინდად დამარცხდა უკრაინაში ამ სამხედრო კონფრონტაციაში. უკრაინის გენშტაბის უფროსმა, გენერალმა ზალუჟნიმ თქვა, რომ ჩვენ გავანადგურეთ რუსეთის პროფესიული არმია და ახლა ამ ძალით გაწვეულთა არმიას მით უმეტეს გავანადგურებთო. ეს მართლაც ასე მოხდება, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ამ ყველაფერზე ბუნებრივია, შესაბამისად ირეაგირებს დასავლეთი, ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, უფრო მეტი იარაღის გადაცემით უკრაინისთვის, უფრო შორსმსროლელი, უფრო დახვეწილი და გონივრული, თანამედროვე იარაღის მომარაგებით, ასევე მეტი დახმარებით სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების და ასე შემდეგ.
რა თქმა უნდა, ცალკეული ლიდერების განცხადება შეიძლება, ჩვენს გარკვეულ გულის დაწყვეტას იწვევს, რადგან გაუგებარია, ასეთი ზედმეტი სიფრთხილე. სიფრთხილე ყოველთვის კარგია, მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგა, არც ემოციურობა, არც სიფრთხილე. ზედმეტი არის ზედმეტი და ნამდვილად ზედმეტია, რადგან ყველას კარგად ესმის და მათ შორის კანცლერ შოლცს და სხვებსაც, რომ ღმერთმა არ ქნას, რომ რუსეთმა წარმატებას მიაღწიოს უკრაინაში, არ გაჩერდება უკრაინით და შეუტევს დანარჩენ ცივილიზებული სამყაროს სახელმწიფოებს.
მას ყველა მტრად ჰყავს მოკიდებული, ვინც კი არ ეთანხმება და ვინც მის ჭკუაზე არ დადის. დღეს მტრად გამოაცხადა უკრაინა, მანამდე ხელოვნურად მტრად გამოაცხადა საქართველო და ხვალ მტრად გამოაცხადებს ფინეთს, ბალტიისპირეთს, პოლონეთს და ასე მიჰყვება, ვიდრე არ გააჩერებს ცივილიზებული სამყარო. ამიტომ, რომ გაეჩერებინა თავის დროზე, 2008-ში, იქნებოდა კარგი, არ გააკეთეს, თუ ვერ გააკეთეს, ვერ მოიფიქრეს ამდენი, რომ გაეჩერებინათ ჯერ კიდევ 2014-ში, როდესაც ყირიმის ანექსია მოახდინა, იქნებოდა კარგი და შემდეგ უკვე გადავიდა დონბასის ოკუპაციაზე. ახლა მაინც უნდა ბოლომდე გამოფხიზლდნენ და ზედმეტ სიფრთხილეს თავი დაანებონ“, – განაცხადა გია ბარამიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა „თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას ტანკებს არ აძლევს, რადგან არ უნდა ომის მასშტაბების გაფართოების პროვოცირება. გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ნატო-სა და რუსეთს შორის საბრძოლო მოქმედებები თუ დაიწყება, ეს კატასტროფის მომტანი იქნება.