„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გია ბარამიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსების გაზრდას ეწინააღმდეგება. ბარამიძე აცხადებს, რომ საბიუჯეტო სახსრები რაციონალურად არ იხარჯება.
„ჩვენ ვხედავთ, რომ თანხები იხარჯება არარაციონალურად, არასწორად და მიდის მხოლოდ იმ მიმართულებით, რომ დაკმაყოფილდნენ ის სტრუქტურები, რომლებმაც რაღაცნაირად უნდა შეუნარჩუნონ ივანიშვილს ხელისუფლება. ამ შემთხვევაში, ამის ერთ-ერთი ნათელი გამოხატულება არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება, რომელიც იზრდება 10 მილიონი ლარით. როდესაც უკვე ივანიშვილის ხელისუფლების მეშვიდე წელი მიდის, ქვეყანაში რომლის 20% არის ოკუპირებული, ერთი ჯაშუშიც კი არ არის გაუვნებელყოფილი. ამ სტრუქტურაში თითქმის 4 000 კაცი მუშაობს და მათი უშუალო საქმიანობის შედეგი არავინ იცის, რადგან ეს შედეგი არ არსებობს. ნათელია, რომ ეს სტრუქტურა არის პოლიტიკური პოლიცია, პოლიტიკური მიზნების და პოლიტიკური ამოცანების შემსრულებელი, რომ სდიოს „ნაციონალურ მოძრაობას“, სდიოს სხვა პოლიტიკურ ოპონენტებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი მხოლოდ ისე გეგმავს ბიუჯეტს, რომ მისი ვიწრო ჯგუფის ინტერესები იყოს გატარებული და არა საზოგადოების და სახელმწიფოსი“, – განაცხადა გია ბარამიძემ.
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, ვახტანგ გომელაურის უწყების დაფინანსება 109,075 მლნ ლარიდან – 134.0 მლნ ლარამდე იზრდება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაბალი რანგის მოსამსახურეთათვის ხელფასის გაზრდა იგეგმება. ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ დაბალი რანგის მოსამსახურეთა ხელფასების 250 ლარით ზრდისთვის გათვალისწინებულია 6 მლნ ლარამდე.