გია ბარამიძე - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიულია, რადგან ადასტურებს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, ჩაიდინა არაერთი მძიმე დანაშაული
გია ბარამიძე - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიულია, რადგან ადასტურებს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, ჩაიდინა არაერთი მძიმე დანაშაული

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის მართლაც ისტორიული საქართველოსთვის, რადგან იგი ადასტურებს, მიუხედავად საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მოღალატური განცხადებებისა, რომ სწორედ რუსეთის ფედერაცია არის ოკუპანტი, რომელმაც ჩაიდინა არაერთი მძიმე დანაშაული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „საქართველო ნამდვილად არის ცამდე მართალი რუსეთის ფედერაციასთან და შეუძლებელი იყო ეს არ დაედასტურებინა სტრასბურგის სასამართლოს“.

„ბუნებრივია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც საფუძვლად დაედება მომავალში საქართველოს გამთლიანებას და რუსეთის ფედერაციის მიმართ შესაბამისი სანქციების დაწესებას. ვულოცავ საქართველოს მთლიანად, ვულოცავ საქართველოს მთელ მოსახლეობას, ვულოცავ ყველა იმ გმირის ოჯახს, ვინც თავი დასდო. ვულოცავ ჩვენს საზოგადოებას, პატრიოტულ საზოგადოებას, რომელსაც, ვისც როგორ შეეძლო, არც ერთი წუთით არ შეუწყვეტია ბრძოლა საქართველოს ინტერესების დასაცავად და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელმაც პირველივე დღიდან დაიწყო ბრძოლა რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ, როგორც სამხედრო თვალსაზრისით და შემდეგ ასევე იურიდიული თვალსაზრისით სასამართლოებში, რომ საქართველოს ინტერესი ყოფილიყო დაცული. ეს არის დიდი გამარჯვება, რომელიც გზას უხსნის საქართველოს მშვიდობიანი დეოკუპაციისა და მშვიდობიანი გამთლიანებისათვის“, – განაცხადა ბარამიძემ.