გია ბარამიძე - გივი თარგამაძე არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვერ ილაპარაკებს
გია ბარამიძე - გივი თარგამაძე არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვერ ილაპარაკებს

მშვენივრად იცით, რომ გივი თარგამაძე არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ ან სხვა პარტიის სახელით ვერ ილაპარაკებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.

გია ბარამიძეს ჟურნალისტმა გივი თარგამაძის გუშინდელი განცხადებების შეფასება სთხოვა.

„ამ საკითხზე ჩემთვის კითხვის დასმა არარელევანტურია. ბუნებრივია, ნებისმიერი მოქალაქის განცხადებებზე მე არ უნდა მეკითხებოდეთ“, – აღნიშნა გია ბარამიძემ.

კითხვაზე, „გივი თარგამაძე ნებისმიერი მოქალაქეა? ის თქვენი ყოფილი თანაგუნდელია“, – გია ბარამიძე პასუხობს, რომ „წევრიც კი ვერ ისაუბრებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, არათუ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვერ ისაუბრებს ყოფილი წევრი“.

გივი თარგამაძემ გუშინ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ამათი იარაღით გადაგდება რომ გვდომოდა, ორიათასჯერ გავაკეთებდით, მაგრამ ქვეყანას ვუფრთხილდებით“. თარგამაძის თქმით, ქვეყანა რომ გადარჩეს, ყველაფერი უნდა გააკეთონ, მათ შორის, მისაღებია მწვავე პროტესტიც. ამასთან, გივი თარგამაძემ აღნიშნა: „მარტის პროტესტის დროს, როცა ჩვენთან პოლიციის მანქანის დაწვაზე იყო საუბარი, ნახევარი პარიზი გადაწვეს, რაშიც არაფერია საშინელი“. მისივე თქმით, მატრაკვეცული მიტინგები შედეგს არ მოიტანს.