გია ბარამიძე - როგორ შეიძლება „გირჩის“ საკითხების ერთ დონეზე დაყენება და რომელიმეს დაკმაყოფილების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების უკანა პლანზე გადადება
გია ბარამიძე - როგორ შეიძლება „გირჩის“ საკითხების ერთ დონეზე დაყენება და რომელიმეს დაკმაყოფილების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების უკანა პლანზე გადადება

„გირჩის“ პუნქტებში არის ვადამდელი არჩევნებიც და ჩემთვის ძნელად წარმოსადგენია, რანაირად შეიძლება, სხვა საკითხები, რომლებიც აქ არის ჩამოთვლილი, გაუთანაბრდეს ამ ქვეყნისათვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „გირჩის“ მიერ ჩამოთვლილი საკითხების ერთ დონეზე დაყენება გაუგებარია.

„დღეს ქვეყანას სჭირდება მძიმე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, რომელიც თავის მხრივ ამძიმებს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და შეუძლებელს ქმნის ბევრი რეფორმის, მათ შორის აქ ჩამოთვლილი რეფორმის რეალურად განხორციელებას. ცალკეული საკითხის საბაბად გამოყენება, რომ შევიდნენ ივანიშვილის მიერ ძალადობით, მოტყუებით და არჩევნების გაყალბებით შექმნილ სტრუქტურაში, ვერანაირად ვერ იქნება გამართლებული. ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი იქნება, როგორ შეიძლება ამ საკითხების ერთ დონეზე დაყენება და რომელიღაც ამ საკითხის რეჟიმის მიერ დაკმაყოფილების შემთხვევაში, უკანა პლანზე გადადება არჩევნების მოთხოვნისა, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

„გირჩმა“ შვიდი საკითხი დაასახელა და განაცხადა, რომ მათგან თუნდაც ერთ-ერთის სრულყოფილად გადაწყვეტის შემთხვევაში, საპარლამენტო ბოიკოტს შეწყვეტს.