გია ბარამიძე - კონსერვატორი ამომრჩეველი ზურაბ ჯაფარიძეს და იმ პარტიას არ მისცემს ხმას, რომელიც ოკუპაციის ხაზზე მტერს უკანალს აჩვენებს
კონსერვატორი ამომრჩეველი ზურაბ ჯაფარიძეს და იმ პარტიას არ მისცემს ხმას, რომელიც ოკუპაციის ხაზზე მტერს უკანალს აჩვენებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ განაცხადა. ამის შესახებ ბარამიძემ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომელმაც თქვა, რომ „სწორი გზა არის პოლარიზება, მეორე ძლიერი პოლუსია შესაქმნელი და ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა არის ერთობა“.
როგორც გია ბარამიძემ განაცხადა, ერთიანი სია და ერთიანი პარტია არის წაგების ფორმულა.
„ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ერთობის მომხრე იყო. ის ადამიანები იყვნენ ერთობის წინააღმდეგი, რომლებიც ახლა ერთობაზე გვიქადაგებენ. „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასულები და „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტების ისტორია ვისაც აქვს ბიოგრაფიაში, ისინი არ უნდა გველაპარაკონ. თუ გინდა, რომ დაამარცხო არსებული რეჟიმი, ოპოზიციამ უნდა მიიღოს მეტი ხმა. ამ მექანიკური გაერთიანებით, ზეთისა და წყლის, დავკარგავთ ხმებს.
არ მინდა, ყველა დეტალზე საუბარი. ნდობის საკითხებიც არის, კრიტიკულ მომენტში ვინ რას აკეთებს. კრიტიკულ მომენტში, როცა ჩვენი თავმჯდომარე, ნიკა მელია ციხეში იყო, ამ ადამიანებმა რა გააკეთეს, პარლამენტში შევიდნენ. საბოლოო ჯამში, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაყენეს. ისე წარმოაჩინეს, თითქოს თვითონ არიან პროევროპულები, უნდათ შარლ მიშელის შეთანხმება, თვითონ არიან კონსტრუქციულები და ჩვენ ვართ დესტრუქციული.
პირდაპირ გეუბნებით, სია არის მავნებლური იდეა, რადგან ხმებს დაგვაკარგინებს. ზეთი და წყალი არ შეერთდება და არც უნდა შეერთდეს. ზეთმა უნდა მიიზიდოს ზეთი, წყალმა უნდა მიიზიდოს წყალი. ეს არის საღი აზრი. სამეულს უნდა ესაუბრა ჩვენთან, სანამ გაერთიანების საკითხით გამოვიდოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე არ მისცემს ხმას „გირჩს“. კონსერვატორი ამომრჩეველი არ მისცემს იმ პარტიას ხმას, რომელიც უკანალს აჩვენებს ოკუპაციის ხაზზე მტერს. ჩვენ ვართ ყველანაირი ერთობის მომხრე, ყველაფრის, რაც მოიტანს გამარჯვებას. გამარჯვებას მოიტანს, რომ ყველა პარტიამ იმუშაოს თავის სიაზე, თავის ამომრჩეველზე, რომ ჩვენ არ დავკარგოთ არც ერთი ამომრჩეველი და დემოტივაცია არ გავუკეთოთ არც ერთ ამომრჩეველს. ერთიანი სია და ერთიანი პარტია არის წაგების ფორმულა. ამიტომ, ჩვენ ვართ მოგების ფორმულის მომხრე და ერთიანობის ყველგან, სადაც პარტიული სიისა და ერთი პარტიის შექმნის გარდა, შესაძლებელია თანამშრომლობა“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.