გია ბარამიძე - ევროპარლამენტის ყველა ძირითადმა ფრაქციამ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა ხელისუფლებას, ეს ეხება არა მარტო ივანიშვილის ხელისუფლებას, არამედ სალომე ზურაბიშვილსაც
ევროპარლამენტის ყველა ძირითადმა ფრაქციამ პრეზიდენტ სააკაშვილის დაუყოვნებელი, უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, ეს ეხება არამარტო ივანიშვილის ხელისუფლებას, არამედ სალომე ზურაბიშვილსაც, რომელსაც პრეზიდენტის უფლებამოსილება და შეწყალების ბერკეტები აქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გია ბარამიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განუცხადა.
„კვლავ გრძელდება ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის სამარცხვინო პროცესი, როდესაც ამ ქვეყნის თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის ამ მდგომარეობაში და ჩვენმა მეგობრებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის გაეთავისუფლებინათ. გუშინ ევროპარლამენტმა, აბსოლუტური უმრავლესობით, ყველა ძირითადმა ფრაქციამ კვლავ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი და ეს მოწოდება, სხვათა შორის, ეხება არამარტო ივანიშვილის ხელისუფლებას და მთავრობას, ეხება ასევე ქალბატონ ზურაბიშვილს, რომელსაც აქვს პრეზიდენტის უფლებამოსილება და ბერკეტები და კიდევ ერთხელ, მასაც მოვუწოდებ, რომ თუკი ის იზიარებს მის მიერვე შემოთავაზებული „ქართული ქარტიის“ პრინციპებს, ეს ქარტია ვერანაირად ვერ იქნება შესაბამისი საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობასთან. ევროპული სტანდარტები არანაირად არ არის შესაბამისი საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობასთან. თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები არაფრით არ არის შესაბამისი, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის, პროდასავლური და პატრიოტული ძალის ლიდერი იყოს საპყრობილეში და მას, აი, როგორც დღეს ვხედავდით, ხარვეზიანი კომუნიკაციებით ჰქონდეს ან არ ჰქონდეს საერთოდ საშუალება, ესაუბროს თავის ხალხს იმაზე, რაც ხალხს აინტერესებს, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რაც წაგვიყვანს კეთილდღეობისკენ ევროპაში და 26 ოქტომბერს უარს გვათქმევინებს მონობაზე, სიღატაკეზე იზოლაციაში. დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ძალიან ნათლად თქვა ის, რაც ვიცით ყველამ, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი დიდი უდიდესი უპირატესობით, აუცილებლად გაიმარჯვებს ამ მოღალატურ რეჟიმზე, რომელიც არის ფაქტობრივად, რუსეთის საოკუპაციო მარიონეტული რეჟიმი და მისი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის დაშლა და დაქუცმაცება, ჩვენი ქვეყნის დროებით ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება. მათ აქვთ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა, რასაც ქართველი ხალხი არ დაუშვებს ისევე, როგორც ბოდიშს არ მოუხდის გიორგი ანწუხელიძისა და ჟიული შარტავას მკვლელებს, ჩვენს მტრებს, ოკუპანტებს, ასე რომ, დარწმუნებული ვართ, რომ 26 ოქტომბერს ერთიანი, ევროპული, პატრიოტული საზოგადოება ამ მოღალატურ რეჟიმს დაამარცხებს და აირჩევს კეთილდღეობას ევროპაში“, – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გია ბარამიძემ.