გია ბარამიძე - ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რომელიც რეალურად ყველაფერს საპირისპიროდ აკეთებს
გია ბარამიძე - ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რომელიც რეალურად ყველაფერს საპირისპიროდ აკეთებს

საქართველოში ევროკომისიის ვიზიტი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, ადამიანებისთვის, ვისთვისაც მართლა საქმით და არა სიტყვით არის ძვირფასი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ საქართველოში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

ბარამიძე ოლივერ ვარჰეის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

„მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომელიც გააჟღერა ევროკომისარმა, რომ 12-ვე რეკომენდაცია, რომელიც გასცა ევროკომისიამ, უნდა შეასრულოს საქართველომ. ბუნებრივია, აქ ლომის წილი და მთავარი პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას, რომელიც ვხედავთ, რომ რეალურად ყველაფერს იმის საპირისპიროდ აკეთებს, რაც ამ რეკომენდაციებშია მოცემული. მათ შორის, მართლა სასაცილო და კომიკურია, როდესაც ცდილობენ, მიიღონ, გადმოაკოპირონ უკრაინის კანონპროექტი ოლიგარქებთან დაკავშირებით და თქვან, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და მიხეილ სააკაშვილი და სხვა ადამიანები არიან ოლიგარქები. ვარჰეიმ გასცა რეკომენდაცია, რომ ეს კანონიც, რომელიც ჯერ კიდევ იხილება პარლამენტში, გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში შესაბამისი დასკვნისთვის“, – განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები აპელირებენ დეპოლარიზაციის საკითხზე, რომელიც, როგორც ბარამიძემ აღნიშნა, ვერ მოგვარდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.

„ჩვენი ლიდერი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მთავარი პატრიოტული ოპოზიციური პარტიის ლიდერი ჰყავთ დაჭერილი და გვაბრალებენ პოლარიზაციას. პოლარიზაცია როგორ დამთავრდება, თუ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდა, თუ ნიკა გვარამია არ გამოუშვეს, როგორ დამთავრდება თუ პოლიტიკური პატიმრები არ გამოუშვეს“, – განაცხადა ბარამიძემ.