გია ბარამიძე - ჩვენ არ გვეშლება არც სტუმარმასპინძლობა და არც ის, ვინ მტერია და ვინ მოყვარე
ჩვენ არ გვეშლება არც სტუმარმასპინძლობა და არც ის, ვინ მტერია და ვინ მოყვარე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ ვლადიმერ პოზნერის საქართველოში სტუმრობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის წევრები უხერხულ მდგომარეობაში არიან და თავის გამართლებას ცდილობენ.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან დღეს მოვისმინეთ სამარცხვინო ბოდვა. უხერხულ მდგომარეობაში არიან და არ იციან, რა სისულელე ილაპარაკონ, ცდილობენ, ყველაფერი ერთმანეთში აურიონ. როგორც გავრილოვის შემოსვლაზე ვაფრთხილებდით წინასწარ, ასევე პოზნერთან დაკავშირებით, რომელიც ვითომ პუტინის ობიექტური ჟურნალისტია, მაგრამ სინამდვილეში არის პროპაგანდისტი, საკვანძო მომენტებში ლაპარაკობს იმას, რაც პუტინს სჭირდება. ლაპარაკობს იმავეს, რასაც მოღალატე ივანიშვილი, ე.წ. პრეზიდენტი და მოღალატე გავრილოვები, რომ ომი საქართველომ დაიწყო.
ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავ უტიფრად ცდილობენ, ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიონ, თუმცა არ გამოუვათ, რადგან საქართველოში არავინ არ არის სულელი. ტურიზმი ერთია, მაგრამ მეორე არის საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის ოკუპაციის შესახებ კანონი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას უფლებას აძლევს ქვეყნის ტერიტორიაზე არ შემოუშვას ადამიანი არა მხოლოდ მაშინ, თუ ის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის ნამყოფი, არამედ მაშინაც, თუ ის ამ კანონის სულისკვეთებას არღვევს და საქართველოს ოკუპაციას ამართლებს“, – განაცხადა ბარამიძემ.
მან ასევე კომენტარი გააკეთა ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების მიერ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევაზე.
„მეორე არის ამათი თავლაფდასხმა და უნამუსობა, რომ საქართველოს მოსახლეობას ეპყრობიან ისე, როგორც თვითონ არიან რუსეთის მონები. თურმე საქართველოს მოსახლეობისთვის არ შეიძლება ღამით გადაადგილება, არ შეიძლება რესტორნის გახსნა და ღამით ქეიფი, აი პოზნერისა და პუტინის შნირი მილიონერებისთვის კი შეიძლება. რუსები რაღაც პირველი კატეგორიის ხალხია, მით უმეტეს თუ პუტინთან არიან დაახლოებული, ხოლო ქართველები ასე უნდა ვიყოთ მოკაკვულები და არც ქუჩაში გადაადგილება შეგვეძლოს კომენდანტის საათის დროს და არც ქეიფი. ჩვენ არ გვეშლება არც სტუმარმასპინძლობა და არც ის, ვინ მტერია და ვინ მოყვარე“, – განაცხადა ბარამიძემ.
რაც შეეხება ნინო ბურჯანაძის შვილის, ანზორ ბიწაძის მიერ გუშინ პოზნერის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობას, ბარამიძემ განაცხადა, რომ მიესალმება თუკი ადამიანი არასწორ შეხედულებას შეიცვლის და სწორ პოზიციაზე დადგება.
„მივესალმები ნებისმიერ ადამიანს, ვინც წარსულში რაღაცა არასწორს და კატეგორიულად მიუღებელს აკეთებდა, დღეს კი გონს მოეგება და სწორ პოზიციაზე დადგება. აი, პირიქით თუ მოხდება, ეს არის უბედურება. თუკი ადრე პატრიოტულ პოზიციებზე იდგა და დღეს პუტინის გვერდზე დადგება, ეს არის ძალიან ცუდი“, – განაცხადა ბარამიძემ.