გია ბარამიძე აცხადებს, რომ საქართველოს დსთ-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, რადგან ამით ქვეყანამ დრო მოიგო
დსთ არის ის უბედურება და კომპრომისი, რომელიც მაშინ საქართველოს წინაშე იდგა – განადგურდებოდა მთლიანად ქვეყანა თუ მასში გაწევრიანებით შევძლებდით დროის მოგებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, მან საქართველოს დსთ-ში შესვლას მხარი დაუჭირა თუ არა, ბარამიძემ უპასუხა, რომ გაწევრიანებას ხმა მისცა, რადგან ქვეყანამ ამით დრო მოიგო.
„დიახ, ხმა მაქვს მიცემული იმიტომ, რომ ეს უბედურება ჩვენი ქვეყნის წინაშე იდგა და სახელმწიფოს მაშინდელმა მეთაურმა, ედუარდ შევარდნაძემ გადაწყვიტა, რომ დროის მოსაგებად ეს ერთადერთი გადაწყვეტილება იყო. ჩემმა გუნდმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ მე პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა წევრი ვიყავი და ხმა მივეცი, როგორც ჩემმა გუნდმა. საქართველომ მართლაც გამოიყენა ეს დროის მოსაგებად და ამის შემდეგ გაწევრიანდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ევროპის საბჭოში მთლიანად. ამის შემდეგ ქვეყანამ მიიღო კონსტიტუცია. შემდეგ საქართველომ მოახდინა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ინიცირება, რაც ჩვენი ქვეყნის დასავლეთთან დაახლოებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ საქართველომ მოახდინა ეუთო-ს სამიტზე შეთანხმება, რომ რუსეთის ბაზები გავიდოდნენ საქართველოდან და ამ პერიოდში მოხდა საქართველოს ნატო-სთან დაახლოების დეკლარირება.
ასე რომ, მაშინ ბევრს ეგონა, დსთ შესაძლოა მოდერნიზებული რუსეთის იმპერია გამხდარიყო საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა ამ საფრთხემ არ იმუშავა და ჩვენ გავაგრძელეთ გზა დასავლეთის მიმართულებით, როგორც ჩაფიქრებული იყო. სამწუხაროდ, სხვა სახელმწიფოებმა იგივე ვერ მოახერხეს და კვლავ დსთ-ს წევრები არიან. დსთ არის ის უბედურება და კომპრომისი, რომელიც მაშინ საქართველოს წინაშე იდგა – განადგურდებოდა მთლიანად ქვეყანა თუ აი, ამ მეთოდით შევძლებდით დროის მოგებას“, – განაცხადა ბარამიძემ.