გია აბაშიძე - „აიარაის“ ვიცე-თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალური აგენტია აშშ-ში და ამაში იღებს ფულს
„აიარაის“ (IRI) ვიცე-თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალური აგენტია აშშ-ში და ამაში იღებს ფულს, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) შესახებ საკმაოდ ყურადსაღები ინფორმაცია ამოიღო ღია წყაროებიდან.
„IRI-ის თავმჯდომარის მოადგილე რენდი შენემანი, რომელიც ასევე ფლობს PR-კომპანია Orion Strategies, 2004 წლიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალური აგენტია ამერიკის შეერთებულ შტატებში.
როგორ შეიძლება აწი ენდო ორგანიზაცია IRI-ს, რომლის ვიცე-თავმჯდომარე არის ნაცმოს ოფიციალური საერთაშორისო აგენტი და ამაში იღებს ფულს ნაცებისგან?
2019 წლის ოქტომბერში, შენემანის Orion Strategies ოფიციალურად დარეგისტრირდა „ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო აგენტად. შესაბამის დოკუმენტს თავად რენდი შენემანი აწერს ხელს. იხილეთ თანდართული ბმულები და ფოტოები.
საგულისხხმოა, რომ IRI-მ, სხვა არასამთავრობოებთან ერთად მიიღო $ 14 მლნ დაფინანსება სახ. დეპარტამენტისგან, რომლის ფარგლებშიც უნდა მოახდინოს 2020 არჩევნების მონიტორინგი და დემოკრატიული საარჩევნო გარემოს განვითარების ხელშეწყობა. როგორ უნდა ირწმუნოს ქართულმა საზოგადოებამ ამ პროცესში IRI-ს მიუკერძოებლობა, როდესაც ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნაცმოს აშშ-ში ოფიციალურად რეგისტრირებული საერთაშორისო აგენტია?
1938 წლიდან აშშ-ში მოქმედებს კანონი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ [The Foreign Agents Registration Act, FARA]. ამ კანონით, ის აგენტები/ლობისტები, რომლებიც აშშ-ში ატარებენ უცხო ქვეყნების სახელმწიფოს ან უცხო ქვეყნების პარტიების პოლიტიკურ ან კვაზი-პოლიტიკურ ინტერესებს, ვალდებულნი არიან, ამის შესახებ ღიად განაცხადონ, მათ შორის ფინანსურ ნაწილზეც და დარეგისტრირდნენ FARA-ს საიტზე. კანონს ადმინისტრირებას უწევს აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი.
Orion Strategies და რენდი შენემანის ხელმოწერებიც FARA-ს ვებგვერდზეა“, – წერს გია აბაშიძე „ფეისბუქზე“ და დოკუმენტების ამსახველ ფოტომასალასაც აქვეყნებს.