ღვინის ეროვნული სააგენტო - ბრიუსელში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს თავმჯდომარეობის ერთწლიანი პერიოდი და მიღწეული შედეგები დადებითად შეფასდა
ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) შეხვედრაზე საქართველოს თავმჯდომარეობის ერთწლიანი პერიოდი და მიღწეული შედეგები დადებითად შეფასდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრის გახსნას, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ვახტანგ მახარობლიშვილი დაესწრო და შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
„2023 წლის პირველი მაისიდან აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა საქართველოს ერთი წლის ვადით ამერიკის შეერთებული შტატებიდან როტაციის პრინციპით გადმოეცა. თავმჯდომარეობის პერიოდში ორგანიზაციის საქმიანობის მთავარი კოორდინატორი ღვინის ეროვნული სააგენტო იყო. ორგანიზაციის ძირითადი მიზანია ღვინით ვაჭრობის გამარტივება, ღვინით საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა და სავაჭრო ბარიერების მოხსნისთვის ერთობლივი ქმედებების განხორციელება“, – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.