ღრმა კოსმოსიდან მომდინარე იდუმალი სიგნალები, რომლებსაც ჩვენ სწრაფ რადიოსიგნალებს ვუწოდებთ, გამოირჩევა ერთი მკვეთრი მახასიათებლით — არაპროგნოზირებადია. ისინი კოსმოსში ყოველგვარი რიტმის გარეშე იტყორცნება, არ აქვთ აშკარა მახასიათებლები, რის გამოც, მათი შესწავლა წარმოუდგენლად რთულია.
ახლახან, პირველად ისტორიაში, ასტრონომებმა იპოვეს სწრაფი რადიოსიგნალი (FRB), რომელიც რეგულარული ციკლით მეორდება.
სიგნალი, სახელად FRB 180916.J0158+65 ყოველ 16,35 დღეში ერთხელ იმეორებს ერთნაირ მახასიათებელს. ოთხი დღის განმავლობაში, ის ყოველ საათში ერთხელ ან ორჯერ ამოიფრქვევა. მომდევნო 12 დღის განმავლობაში სრულიად დუმდება, შემდეგ კი ყველაფერი თავიდან მეორდება.
კანადის წყალბადის ინტენსივობის კარტირების ექსპერიმენტის კოლაბორაციის (CHIME) ასტრონომები ამ ციკლს 409 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ჯერჯერობით უცნობია, რას შეიძლება ის წარმოადგენდეს, მაგრამ შესაძლოა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფრაგმენტი შემატოს სწრაფი რადიოსიგნალების თავსატეხს. კვლევა ამ ეტაპზე ატვირთულია რეცენზირებამდელ სერვერ arXiv-ზე და სხვა მეცნიერთა შეფასებას ელოდება.
ძალიან ადვილია, სწრაფმა რადიოსიგნალებმა როგორღაც მოგაჯადოვოს, რადგან ამ მომნუსხველ კოსმოსურ საიდუმლოს მეცნიერები ჯერ ვერანაირ სრულყოფილ ახსნას ვერ უძებნიან.
გეტყვით, რომ სწრაფი რადიოსიგნალები (FRB) წარმოადგენს რადიაციის ენერგეტიკულ ანთებას რადიოსპექტრში, რაც მხოლოდ რამდენიმე მილიწამი გრძელდება. ამ წარმოუდგენლად მცირე დროში, ისინი იმდენივე ენერგიას გამოყოფენ, რამდენსაც ასობით მილიონი მზე გამოყოფდა.
უმეტესი მათგანი მხოლოდ ერთხელ ენთება და მეორედ აღარ ფიქსირდება. შესაბამისად, ურთულესია მათი გზის მიყოლა და წყარო გალაქტიკის დადგენა. ზოგიერთი სწრაფი რადიოსიგნალი კვლავ მეორდება, მაგრამ საკმაოდ არაპროგნოზირებადად. მათი წარმოშობის წყარო გალაქტიკის დადგენა შედარებით ადვილია, მაგრამ მათი არსის ასახსნელად ესეც კი ბევრს არაფერს ნიშნავს.
შარშან, კოლაბორაცია CHIME იუწყებოდა რვა ახალი განმეორებადი რადიოსიგნალის დაფიქსირების შესახებ. შედეგად, 150 FRB წყაროში დაფიქსირებულმა განმეორებადი სიგნალების ოდენობამ ჯამში უკვე ათს მიაღწია. თუმცა, ერთ-ერთი ახალი კვლევის მიხედვით, ასეთ სიგნალთა რაოდენობა უკვე 11-ია.
კანადელების მიერ დაფიქსირებულ რვა განმეორებად სიგნალს შორის იყო FRB 180916.J0158+65-იც. გარდა განმეორებადი ანთებებისა, თავიდან ის არაფრით გამორჩეული ჩანდა. თუმცა, CHIME-ის კვლევები გრძელდებოდა და გამოიკვეთა ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი.
აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია, რადგან გვთავაზობს ახალ ინფორმაციას, რომელმაც შესაძლოა, საბოლოოდ ამოგვახსნევინოს, რა შეიძლება იყოს სიგნალ FRB 180916.J0158+65-ის გამომწვევი მიზეზი.
„იმის აღმოჩენა, რომ ამ განმეორებად სწრაფ რადიოსიგნალს 16,35-დღიანი პერიოდულობა აქვს, მნიშვნელოვანი გასაღებია მისი წყარო ობიექტის ბუნების დასადგენად“, — წერენ მკვლევრები.
სხვა ობიექტები, რომლებმაც პერიოდულობა წარმოაჩინეს, სავარაუდოდ ბინარული (ორმაგი) სისტემებია — ვარსკვლავები და შავი ხვრელები. 16,35-დღიანი პერიოდი შეიძლება ორბიტული პერიოდი იყოს, ანუ, FRB ობიექტი დედამიწას პირდაპირ მხოლოდ ორბიტის გარკვეულ ნაწილში ყოფნისას უყურებს.
FRB 180916.J0158+65 ერთ-ერთია იმ რამდენიმე სწრაფ რადიოსიგნალთაგან, რომლის მშობლიური გალაქტიკის დადგენაც მოხერხდა. ის წამოსულია ჩვენგან 500 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე სპირალური გალაქტიკის გარე, ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონიდან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითქმის გამორიცხულია, ის სუპერმასიური შავი ხვრელიდან მოდიოდეს, მაგრამ არ არის გამორიცხული ვარსკვლავური მასის შავი ხვრელი.
როგორც მკვლევრები წერენ, ორბიტული პერიოდის ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს უნდა იყოს ვარსკვლავური მასის კომპაქტურ ობიექტთა წყვილის რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის — ე. წ. შავი ქვრივი ბინარული სისტემა, რომელიც შედგება დაბალმასიანი ვარსკვლავისა და მძლავრი მილიწამური პულსარისგან, რომლის ქარებიც ანგრევს კომპანიონ ვარსკვლავს; ასევე შესაძლებელია ეს იყოს მასიური OB ვარსკვლავისა და მისი კომპანიონი ძლიერ ექსცენტრიული პულსარის წყვილი.
გარდა ამისა, შესაძლებელია ისიც, რომ სწრაფ რადიოსიგნალებს რამენაირად პერიოდულად ბლოკავდეს კომპანიონი ობიექტიდან მომდინარე ქარები, ანდაც შავი ხვრელიდან მომავალი გრავიტაციული აშლილობები.
არ არის გამორიცხული ისიც, რომ სწრაფ რადიოსიგნალთა წყარო იყოს ერთი, ეული ობიექტი, მაგალითად, მაგნეტარი ან რენტგენული პულსარი; თუმცა, მკვლევრები აღიარებენ, რომ ამ ახსნის მონაცემებით გამყარება შედარებით რთული იქნება. იმიტომ, რომ ამ ობიექტებს ღერძის გარშემო რხევით ბრუნვა ახასიათებთ, რასაც პერიოდული ხასიათი აქვს და უცნობია, ნელდება თუ არა ეს რხევები.
გარდა ამისა, რადიოპულსარებს, რომლებსაც რამდენიმედღიანი ინტერვალები აქვთ, სწრაფ რადიოსიგნალებზე უფრო სუსტი მაგნიტუდა აქვთ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცოტა ხნის წინ იპოვეს მე-11 განმეორებადი სწრაფი რადიოსიგნალიც. თავდაპირველად, ასტრონომებს ის ერთჯერადი ეგონათ, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა, მისი გამეორებები იმდენად სუსტი იყო, რომ თავდაპირველად გამოყენებულმა ტექნიკამ მათი დაფიქსირება უბრალოდ ვერ შეძლო.
ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სხვა მრავალი სწრაფი რადიოსიგნალიც შეიძლება იყოს განმეორებადი, მაგრამ ამის დაფიქსირება არ შეგვიძლია. ასევე, ის ფაქტი, რომ FRB 180916.J0158+65 ასე თუ ისე ჰგავს სხვა FRB-ებს, შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ სხვა განმეორებადი FRB-ებიც ციკლურია, მაგრამ ამ ციკლების დაფიქსირებას ჯერ ვერ ვახერხებთ.
შესაბამისად, შემდეგი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, FRB 180916.J0158+65-ზე დაკვირვების გაგრძელება იქნება. თუმცა, ასევე საინტერესო იქნებოდა იმის გარკვევა, ახასიათებს თუ არა პერიოდულობა სხვა სწრაფ რადიოსიგნალებსაც.
მკვლევრები იმედიანად არიან განწყობილი და სჯერათ, რომ ამ მომაჯადოებელ კოსმოსურ საიდუმლოს გარკვეულწილად ამოხსნიან.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.