ღონისძიებებზე დასასწრებად სავალდებულოა ვაქცინაციის ცნობა, ტესტის უარყოფითი პასუხი, აღნიშნულ კატეგორიას ემატებიან პირები, რომელთაც „კოვიდ-19“ ბოლო ექვს თვეში გადაიტანეს
სხვადასხვა ღონისძიებაზე დასასწრებად, მოქალაქე ვალდებულია, წარადგინოს ვაქცინაციის ცნობა, 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის, ან 24 საათში ჩატარებული ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კატეგორიას ემატებიან ის პირები, რომელთაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ „კოვიდ-19“.
„არსებული რეგულაციებით, სხვადასხვა ღონისძიებაზე (მაგ: როგორიცაა კონფერენციები, ტრენინგები, სპორტული შეჯიბრებები და ა.შ.) დასასწრებად, მოქალაქე ვალდებულია, წარადგინოს ვაქცინაციის ცნობა, 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის, ან 24 საათში ჩატარებული ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი. საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კატეგორიას ემატებიან ის პირები, რომელთაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ „კოვიდ-19“. აღნიშნული ექვსი თვე აითვლება „კოვიდის“ ლაბორატორიულად დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.