„ღირსეული პარტნიორი 2020“-ში მონაწილე აშშ-ის სამხედრო ტექნიკის მარშირება სენაკიდან ვაზიანის მიმართულებით [ვიდეო]
ქართულ-ამერიკული პარტნიორობის დემონსტრირების მიზნით, დღეს დილიდან მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2020“ მონაწილე აშშ-ის სამხედრო ტექნიკის კონვოი, რომელზეც სიმბოლურად საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფო დროშებია დამაგრებული, სენაკიდან ვაზიანის მიმართულებით მარშირებით გადაადგილდება, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, გზად სამხედრო ტექნიკამ გორში შეიარა და ქალაქის ცენტრში მარშირებით ნელი სვლით ჩაიარა.
„ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანებით „სტრაიკერი“ და „ჰამერი“, ლოჯისტიკური მხარდამჭერი მანქანებითა და არტილერიით დაკომპლექტებული ხუთი სამხედრო კონვოი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე საათნახევრიანი შუალედებით ჩაივლის. სამხედრო კონვოის მეორე ნაწილი კი, სწავლების თეატრში – ვაზიანში 8 სექტემბერს გადაადგილდება“, – აღნიშნავენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.
მათივე ცნობით, „ღირსეულ პარტნიორში“ მონაწილეობის მისაღებად ამერიკული სამხედრო ტექნიკა გემით „ოუშენ ფრიდომ“ (Ocean Freedom) ვირჯინიის პორტის ნორფოლკის ტერმინალიდან რუმინეთში, კონსტანცას პორტის გავლით საქართველოში, ფოთის პორტში შემოვიდა და ჩამოტვირთვის შემდეგ დროებით სენაკში, II ქვეით ბრიგადაში გადავიდა.
„ღირსეული პარტნიორი 2020“ ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ოფიციალურად 7 სექტემბერს გაიხსნება. საქართველო „ღირსეულ პარტნიორს“ უკვე მეხუთედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.