„ღირსეული პარტნიორი 2022“ დაიწყო
„ღირსეული პარტნიორი 2022“ დაიწყო

მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ოფიციალურად გაიხსნა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებაში მონაწილე საქართველოს, აშშ-ის, ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს საერთაშორისო წვრთნების დაწყება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა და სიტყვით გამოსვლისას პარტნიორებთან თანამშრომლობასა და რეგიონში სტაბილური გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

უწყების ცნობით, საერთაშორისო სწავლების გახსნის ცერემონიალს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები, ასევე ნატო-ს ძირითადი ჯგუფის, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2022“ უკვე მეექვსედ მასპინძლობს. საერთაშორისო წვრთნებს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობა (USAREUR) ხელმძღვანელობს, ხოლო მხარდაჭერას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) ახორციელებს.

„ღირსეული პარტნიორი 2022“-ის მიზანია საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში სტაბილური, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის. სწავლების ისტორიაში წელს პირველად მიიღებენ მონაწილეობას იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. მრავალეროვნულ სწავლებაში 2 400-ზე მეტი სამხედროა ჩართული. წლევანდელი მრავალეროვნული წვრთნების მონაწილეები არიან: საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია, უნგრეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, გერმანია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ესტონეთი, პოლონეთი, იაპონია, ლიეტუვა-პოლონეთი-უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადა და შვედეთის შეიარაღებული ძალები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.