ღია საზოგადოებისა და ბიოლის ფონდის წარმომადგენლები ერთობლივ სტატიაში ევროკავშირს რეკომენდაციით მიმართავენ, საქართველოს არა კანდიდატის, არამედ პოტენციური კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს
რეკომენდაციას ვაძლევთ ევროკავშირს, პოტენციური კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს საქართველოს, – ამის შესახებ „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროგრამების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჩხიკვაძე აღნიშნავს, ბიოლის ფონდის წარმომადგენელთან ერთად მომზადებულ სტატიაში ევროკავშირს აღნიშნული რეკომენდაციით მიმართავენ.
„დიდი სიამოვნება იყო „ბიოლ თბილისიდან“ სონია შიფერთან მუშაობა ამ სტატიაზე, რომელშიც ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ ევროკავშირს, პოტენციური კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს საქართველოს. ეს იქნებოდა ეკვივალენტური მტკიცე პირობებისა, მკაფიო და გაზომვადი კრიტერიუმებით“, – წერს ვანო ჩხიკვაძე „ტვიტერში“.
სტატიაში, სახელწოდებით „საქართველოს განაცხადი ევროკავშირის წევრობისკენ – როგორ შეიძლება ისტორიულო შესაძლებლობის საუკეთესოდ განხორციელება?“, განმარტებულია, თუ რატომ არის გონივრული ვარიანტი საქართველოსთვის პოტენციური კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
როგორც სტატიის ავტორები სონია შიფერი და ვანო ჩხიკვაძე აღნიშნავენ, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეცაა როგორც საქართველო, ასევე ევროკავშირი, „პოტენციური კანდიდატის“ სტატუსის მინიჭება ყველაზე გონივრული პოლიტიკის ვარიანტია.
„ცხადია, რომ საქართველოს განაცხადის გაჭიანურება, რომ აღარაფერი ვთქვათ უარყოფაზე, გამოიწვევდა დიდ იმედგაცრუებას ქართულ საზოგადოებაში და გააძლიერებდა არალიბერალურ და ანტიევროპულ ტენდენციებს. „პოტენციური კანდიდატის“ სტატუსიც კი, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას მმართველი პარტიის მიერ და რა თქმა უნდა, გახდება შიდა „დადანაშაულების თამაშის“ ნაწილი“, – ვკითხულობთ სტატიაში.
პუბლიკაციის ავტორები აღნიშნავენ, რომ „ამავდროულად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მარტივად მინიჭება მაშინ, როდესაც ქვეყანა ფაქტობრივად უფრო შორდება კოპენჰაგენის ზოგიერთი კრიტერიუმის შესრულებას, იქნება ევროკავშირის წარუმატებლობა, გამოიყენოს თავისი პოლიტიკური ბერკეტები დემოკრატიული ტრანსფორმაციისთვის და მისი, როგორც ღირებულებებზე დაფუძნებული მხარის ავტორიტეტის შერყევა“.
„ამრიგად, გამოსავალი ჭკვიანური პოლიტიკური ვარიანტია. ისევე, როგორც 2010 წლის ევროკომისიის დასკვნა ალბანეთის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით, ევროკავშირს შეუძლია, დაჰპირდეს საქართველოს, რომ მიანიჭებს სრულ კანდიდატობას და დაიწყებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს მას შემდეგ, რაც საქართველო გააუმჯობესებს თავის შედეგს რიგ სფეროებში, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობის, უმცირესობების უფლებებისა და ანტიკორუფციულ სფეროებში“, – ნათქვამია სტატიაში, რომელშიც ავტორები განმარტავენ, რომ „ეს იქნებოდა ეკვივალენტური მტკიცე პირობებისა, მკაფიო და გაზომვადი კრიტერიუმებით“.
„ეს, სავარაუდოდ, ზეწოლას მოახდენს „ქართულ ოცნებაზე“, დაუბრუნდეს დემოკრატიზაციის გზას და გადაჭრას ზოგიერთი ძირითადი დემოკრატიული პრობლემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“, – აცხადებენ სტატიის ავტორები სონია შიფერი და ვანო ჩხიკვაძე.