„ღია საზოგადოების ფონდის“ (სოროსის ფონდი) დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტს არაადეკვატური უწოდა
„ღია საზოგადოების ფონდის“ (სოროსის ფონდი) დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტს არაადეკვატური და აგრესიული უწოდა. ტელეკომპანია „პირველი“ არხის ეთერში ხუციშვილს კითხვა დაუსვა დღეს წარდგენილი კვლევის შესახებ, სადაც მედიასაშუალებებიდან მხოლოდ საქართველოს პირველი არხის შესახებ არის საუბარი.
როგორც ხუციშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში აღნიშნა, საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა ფონდს დააბრალა, თითქოს დამალეს კვლევის ის ნაწილი, სადაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე იყო საუბარი, თავად ჟურნალისტი კი, არაადეკვატური იყო.
„დღეს წარვადგინეთ პირველადი მასალა. როდესაც მედიაზე იყო აქცენტი, ექსპერტებმა, რომლებიც მერე უფრო ჩაღრმავებულად იმუშავებენ, პირველ რიგში მოითხოვეს ყურებადობა საზოგადოებრივი მაუწყებლის. ჩვენ არაფერი არ დაგვიმალავს, წინასწარ მასალა არ დაგვირიგებია. კვლევაში იყო, რამდენი პროცენტი უყურებს საზოგადოებრივს. 13 პროცენტი, მართალი გითხრათ, გამიკვირდა. მეგონა, რომ ნაკლები უყურებდა და ვულოცავ მათ, რომ 13 უყურებს. შემდეგი იყო, რა ფუნქციებს ხედავს მოსახლეობა, რა უნდა გააკეთოს საზოგადოებრივმა. აქ შეფასებითი ნაწილი არც კი იყო. არ ვიცი, ვინ რა გადასცა და როგორ გადასცა. არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ ახალგაზრდა, რომელიც საზოგადოებრივიდან იყო მოსული, სრულიად არაადეკვატური და სრულიად აგრესიულად მოქმედებდა. სხვა ტელევიზიები იქ იყვნენ და იწერდნენ იმას, რასაც ჩვენ მონდომებით ვსაუბრობდით. ცალკე კვლევა სხვა ტელევიზიებზე ჩვენ არ გვაქვს, ამ მასალაში არ არის, შეიძლება მომავალში გავაკეთოთ“, – აღნიშნა ხუციშვილმა.
„ღია საზოგადოების ფონდისა“ და საერთაშორისო ორგანიზაცია „ინთერნეიშენალ აიდიას“დაკვეთით, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ კვლევა ჩაატარა და საქართველოს პირველი არხის რეიტინგი და ფუნქციების შესრულება შეაფასა. თუმცა კვლევის ავტორებმა მაუწყებლის მხრიდან ფუნქციების შესრულების შესახებ მათაც კითხეს, ვინც, მათივე კვლევით, საქართველოს პირველი არხის მაყურებელი არ არის.
კვლევის შესახებ იხილეთ „მოამბის“ სიუჟეტი.