„ღია მმართველობა საქართველოს“ უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის პროექტს მხარი დაუჭირა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, როგორც ღია მმართველობის რეფორმის მაკოორდინირებელმა უწყებამ, „ღია მმართველობა საქართველოს“ მაღალი რანგის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომას უმასპინძლა.
OGP საქართველოს საბჭომ განიხილა „ღია მმართველობა საქართველოს“ რიგით მეხუთე, 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში დაამტკიცებს.
საბჭოს შეხვედრა გახსნეს: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, საბჭოს თავმჯდომარემ, რევაზ ჯაველიძემ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელმა, ჯონ პენელმა და საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა, გიგი ბრეგაძემ.
მთავრობის ადმინისტრაციამ საბჭოს წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს გააცნო გეგმის პროექტით გათვალისწინებული ინიციატივები. სამოქმედო გეგმა 10 ინიციატივას მოიცავს და მისი მიზანია, გაუმჯობესდეს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის ხარისხი, გაძლიერდეს საზოგადოების წინაშე სახელმწიფო უწყებების ანგარიშვალდებულების მექანიზმები და გაიზარდოს ჩართულობის შესაძლებლობები. გეგმის პროექტით ასევე გათვალისწინებულია რამდენიმე მუნიციპალიტეტის ღია მმართველობის პროცესში ჩართულობა.
საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები.
„ღია მმართველობა საქართველოს“ საბჭოს შეხვედრა USAID-ის პროექტის საჯარო მმართველობისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) – „საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ − მხარდაჭერით გაიმართა.
„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (Open Government Partnership – OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტთა ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც OGP-ს 2011 წელს შეუერთდა. განხორციელებული OGP საქართველოს ოთხი სამოქმედო გეგმის ფარგლებში ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი ღია მმართველობის რეფორმა განხორციელდა.
OGP საქართველოს მაღალი რანგის საკოორდინაციო საბჭო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით შეიქმნა. ის იმეორებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მმართველობის სტრუქტურას და თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს როგორც სახელმწიფო უწყებებს, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. საბჭოში ხმის უფლებით მონაწილეობენ ყველა მინისტრის ერთი მოადგილე და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები. საბჭოს საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.