ღაზის სექტორთან მომხდარი მორიგი არეულობის დროს ისრაელელმა ჯარისკაცებმა ორი პალესტინელი არასრულწლოვანი მოკლეს.
„დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) ინფორმაციით, 14 წლის ჰასან შალაბი ისრაელელმა სნაიპერმა გულმკერდის არეში სასიკვდილოდ დაჭრა. 18 წლის ჰამზა აშტივს კი ტყვია კისრის არეში მოხვდა. ღაზის სექტორთან მომხდარი არეულობის დროს კიდევ 17 პირი დაიჭრა.
როგორც ცნობილია, 8 თებერვალს, საღამოს საათებში ღაზის სექტორთან პალესტინელებმა რამდენიმე, ერთმანეთისგან განცალკევებული დემონსტრაცია გამართეს. აქციები კი კვლავ ისრაელელ სამხედრო მოსამსახურეებთან დაპირისპირებში გადაიზარდა.
ისრაელს არასრულწლოვნების მკვლელობასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა ოფიციალური თელ-ავივის განმარტებით, ისრაელელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ცეცხლი მხოლოდ იმიტომ გახსნეს, რომ 8 ათასამდე პალესტინელი მათზე თავდასხმას აპირებდა.
ამასთან, თელ-ავივის ინფორმაციით, რამდენიმე არაბს ასაფეთქებელი მოწყობილობაც ჰქონდა და საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.
ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე დემონსტრაციები უკვე 46 კვირაა იმართება. პალესტინელები აქციებს ყოველ პარასკევს მართავენ. რაც ხშირშემთხვევაში მხარეებს შორის დაპირისპირებით სრულდება. ამ ხნის განმავლობაში არეულობებს 250 პალესტინელი შეეწირა, 6 ათასი კი დაშავდა.