ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, ღაზის სექტორში ისრაელის მიერ იძულებით გადაადგილებულთა კარვების დაბომბვას 25 ადამიანი ემსხვერპლა, 50 კი დაშავდა
ღაზის სექტორში ისრაელის მიერ იძულებით გადაადგილებულთა კარვების დაბომბვას 25 ადამიანი ემსხვერპლა, 50 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახური ავრცელებს.
არაბული მედიის ინფორმაციით, ისრაელის არმიის ტანკები არაბული ანკლავის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰის სიღრმეში შევიდნენ და კარვებს ცეცხლი გაუხსნეს.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის დაბომბვას ქალაქ ღაზის ლტოლვილთა ბანაკში 10 ადამიანი ემსხვერპლა.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, ღაზის სექტორის ცენტრალური ნაწილიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა ისროლეს, რომლებიც ღია სივრცეში ჩავარდა.
„ჰამასის“ მონაცემებით, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 37 431-ს აღწევს, 85 653 კი დაშავდა.
გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, ღაზის სექტორში სრული ქაოსი და უკანონობაა, რადგან ჰუმანიტარული დახმარების მანქანებს ძარცვავენ და დანიშნულების ადგილამდე ტვირთი ვერ მიაქვთ.