ღაზაში ისრაელის სპეცდანიშნულების რაზმთან შეტაკებების დროს ორი პალესტინელი დაიღუპა
ისრაელსა და ჰამასს შორის ეგვიპტის მედიატორობით დადებული ზავი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დარღვეულია. ღაზას სექტორის საზღვართან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პალესტინელებმა ისრაელის ჯარზე იერიში ქვებით მიიტანეს, რასაც ისრაელელმა ჯარისკაცებმა ცეცხლის გახსნით უპასუხეს.
შეტაკების შედეგად, ორი პალესტინელი დაიღუპა. პალესტინური მხარის მტკიცებით, ორივე მათგანი მშვიდობიანი მოქალაქეა და არა სუნიტური რადიკალური გაერთიანება ჰამასის წევრი. ბოლო 24 საათში ღაზას სექტორში 300-მდე ადამიანი დაშავდა.
23 ივლისს რამდენიმეთვიანი დაძაბულობის ფონზე ღაზას სექტორში, ისრაელის ავიაციამ რადიკალური პალესტინური გაერთიანება ჰამასის 15 ობიექტი ავიაიერიშის შედეგად გაანადგურა. დაბომბვა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ჰამასის სნაიპერის მიერ ისრაელელი ჯარისკაცის მკვლელობის საპასუხოდ დაიწყო.
ავიადარტყმებს ოთხი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ ბოლო თვეებში ჰამასმა გაფრთხილება რამდენჯერმე მიიღო, თუმცა ვითარების ესკალაცია არ შეუწყვიტავს.
2014 წლის 50-დღიანი ომის შემდეგ ღაზას სექტორში ეს ყველაზე ფართომასშტაბიანი ავიაიერიში იყო. მიმდინარე წელს ჰამასსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ოთხჯერ გამოცხადდა და ოთხივეჯერ დაირღვა.
ისრაელისა და ვაშინგტონის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული რადიკალური სუნიტური გაერთიანება ჰამასი ღაზას სექტორს 2007 წლიდან აკონტროლებს.
ისრაელი პალესტინის 70-წლოვანი კონფლიქტის გამწვავება ბოლო 9 თვეში აშშ-ის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადებას მოჰყვა. იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილს პალესტინელები საკუთარ დედაქალაქად განიხილავენ. კონფლიქტის ქვაკუთხედად ქცეულ ქალაქს გაერო-სგან გაყოფილი ერთეულის სტატუსი აქვს მინიჭებული. სწორედ ამ აღიარების შემდეგ ჰამასის ხელშეწყობით ღაზას სექტორში, ისრაელის საზღვრის გასწვრივ 30 მარტიდან საპროტესტო აქციები, ე.წ. დაბრუნების მარში დაიწყო. ისრაელის შეიარაღებულ ძალებთან დემონსტრანტების შეტაკებების შედეგად ბოლო ექვს თვეში 150-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.